ახალი ამბები

კორონავირუსის გამო სოფელ შილდაში ბაღი დაიკეტა

ყვარლის მუნიციპლიტეტის სოფელ შილდის საბავშვო ბაღში კორონავირუსის გამო სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.

არსებული ინფორმაციით, ვირუსი ერთ- ერთი ჯგუფის აღმზრდელსა და ძიძას დაუდასტურდათ. ყვარლის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ნონა დავითაშვილის განმარტებით, დღეისათვის ბაღი სრულად დაკეტილია.

“ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ბაღი დავკეტეთ და დეზინფექცია ჩავატარეთ. ყველა აღსაზრდელის უსაფრთხოებისათვის ასე ვამჯობინეთ. იმ ჯგუფს, სადაც კორონა ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, უფრო დიდხანს მოუწევს სახლში ყოფნა. ამ საკითხზეც, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას შევასრულებთ”– განაცხადა დავითაშვილმა.

ყვარლის მუნიციპლიტეტში სულ 22 საბავშვო ბაღია. 1 მარტს, სააღმზრდელო პროცესის დაწყებისათვის, საბავშვო ბაღების თანამშრომლებს კორონა ვირუსზე სავალდებულო ტესტირება გავლილი არ ჰქონდათ. ფაქტის გახმაურებას, ბაგა- ბაღების გაერთიანების იმჟამინდელი დირექტორის, ზაზა ზაუტაშვილის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა.