ახმეტაში სოციალური პროგრამების განვითარებისთვის პროექტის განხორციელება იწყება
ახმეტის მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამების სრულყოფისთვის და ამ მხრივ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად პროექტის განხორციელება იწყება.
პროექტი ახმეტის განვითარების ჯგუფის მიერ ctc-ის დაფინანსებით და ევროკავშირის ხელშეწყობით განხორციელდება. ახმეტის განვითარების ჯგუფის წევრის, ანა იმედაშვილის თქმით, პროექტი 5 თვიანია და მის ფარგლებში გარდა დისკუსიისა და შეხვედრებისა, მოხდება სოციალური პროგრამების განვითარების სამწლიანი სტრატეგიის მომზადება.
მისივე თქმით, ასევე გადამზადდება 15 ახალგაზრდა, რომლებიც სოციალური პროლემების ადვოკატირების კუთხით სხვადასხვა სოფლებში იმუშავებენ.
,,ახმეტის ინოვაციების ცენტრში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია მაგრამ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე იყო ძალიან საინტერესო დისკუსია. ეს ეხებოდა ახმეტის უნიციპალიტეტში ზრუნვაზე ორიენტირებული სოციალური პროგრამების დანერგვას და სტრატეგიულ მიმართულებას.
ჩვენ უნდა გადავიდეთ სოციალური ზრუნვის არსებითად ახალ სტადიაზე და ვერ შემოვიფარგლებით ყოველწლიურად ერთჯერადი ფინანსური დახმარებით. ეს არსებითად მნიშვნელოვანია, თუმცა ვერ უზრუნველყოფს მოწყვლადი ჯგუფების გრძელვადიანი პრობლემების გადაჭრას.
შეხვედრაზე, რომელიც ახმეტაში ჩატარდა, ვისაუბრეთ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაზე ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის რაც არსებითად მნიშვნელოვანია და დავგეგმეთ ის ღონისძიებები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ რეალური შედეგი მივიღოთ.
შეხვედრას დაესწრნენ ახმეტის მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიმღები პირები, ასევე საკრებულოს სოციალური მიმართულების კომიტეტი, სხვადასხვა სამსახურები და ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები.
პროექტის ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი გვაქვს. საქართველოში სოციალური პროგრამების გამოცდილების კუთხით გვყავს წარმატებული მუნიციპალიტეტები, მაგალითად გორი, ბოლნისი, ზუგდიდი და სწორედ ამ გამოცდილების გაზიარება მოხდება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის.
ამავე დროს ჩვენ ვგეგმავთ, რომ ვითანამშრომლოთ ამ სფეროს ექსპერტთან, რომელიც დაგვეხმარება, რომ დავწეროთ სოციალური პროგრამების განვითარების სამწლიანი სტრატეგია, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი მუნიციპალიტეტისთვის. გარდა ამისა, ასევე გადავამზადებთ 15 ახალგაზრდას, რომელიც მომავალში იმუშავებს სოციალური პროლემების ადვოკატირების კუთხით სხვადასხვა სოფლებში”,- განუცხადა Knews.ge-ს ანა იმედაშვილმა.
აქტივობა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT)‘’ ფარგლებში. პროექტის განმახორციელებელია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC „მედია ცენტრ კახეთთან“ MCK ერთად.