ახალი ამბები

25 მარტიდან მოსახლეობას „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ

25 მარტიდან, როგორც მედიცინის მუშაკებს, ასევე, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, საშუალება ექნებათ არჩევანი „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის გააკეთონ.

„ჩვენი მონაცემი, რაც გვაქვს „ასტრაზენეკასთან“ და „ფაიზერთან“ მიმართებაში, ეფექტურობა არის საკმაოდ მაღალი. ობიექტური საფუძველი, რომ რომელიმე ჯგუფთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაცია და მიზნობრივი გამოყენების რჩევა მოსახლეობას მივცეთ, ამის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ არის გარკვეული წინასწარგანწყობა. თავიდანვე, როდესაც „ფაიზერზე“ დაიწყო საუბარი, ის გვქონდა გათვალისწინებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის და ექიმების გარკვეული ნაწილი განწყობილია იმისთვის, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთოს. ამდენად, შესაძლებელია და ვუშვებთ იმასაც, რომ „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში „ფაიზერს“ მიანიჭეს უპირატესობა და ამიტომ რაღაც ხანი ელოდებიან. „ფაიზერის“ ვაქცინის არჩევის საშუალება ექნება ყველას, ვინც პროგრამაში დარეგისტრიდება.

25 მარტიდან უკვე რეგისტრაციის საშუალება ექნებათ როგორც სამედიცინო სფეროს მუშაკებს, ასევე 65 წელს ზემოთ მოსახლეობას. როგორც კი „ფაიზერი“ შემოვა ქვეყანაში, მივიღებთ და გადავიტანთ საწყობებში, „ფაიზერი“ აისახება სისტემაში და რეგისტრაციის რიგის დაჯავშნის მომენტში მოქალაქეს ექნება არჩევანის საშუალება, რა თქმა უნდა, გარკვეული ლიმიტაციის ფარგლებში, სანამ არ ამოიწურება „ფაიზერის“ დოზები. ამ არჩევანის საშუალება იქნება.

ჩვენთვის ვაქცინა არის ვაქცინა, ორივე ავტორიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და აქვს საკმაოდ კარგი ხარისხის გარანტიები. არჩევანი აქ ალბათ უფრო სუბიექტურ მოლოდინებზე იქნება დამყარებული, ვიდრე რაიმე მყარ კონკრეტულ მეცნიერულ საფუძვლებზე, რა შემთხვევაში რა არის უპირატესი“– განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

ასევე აღნიშნა, რომ მალე შესაძლებელია მესამე ვაქცინაც „ჯონსონ&ჯონსონის“ ვაქცინაც ხელმისაწვდომი გახდეს.

„დღეს საკმაოდ იმედისმომცემი პროგნოზები კეთდება ბაზარზე ახალი ვაქცინების შემოსვლასთან დაკავშირებით – „ნოვავაქსს“ კარგი პოზიცია აქვს, ასევე „ „ჯონსონი& ჯონსონიც“ უკვე კოვაქსის პლატფორმაზეც გაჩნდა. გუშინ მივიღეთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და შესაძლებელია მესამე კვარტილიდან ხელმისაწვდომი გახდეს „ჯონსონი& ჯონსონიც“ კოვაქსის პლატფორმით.”

წლის ბოლომდე გაბუნიას განცხადებით მოლაპარაკებებიდან გამომდინარე შესაძლებელია ეს ვაქცინაც შემოვიდეს საქართველოში.