სოფელ ახაშენში მცხოვრები ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა
2020 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მცხოვრები ახალგაზრდის, შოთა მაზმიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა.
გარდაცვლილის დედა, მარიამ მაზმიშვილი ფიქრობს, რომ ბრალდებულის განთავისუფლებას შესაძლოა ახალი დანაშაული მოჰყვეს. ოჯახი მამაკაცის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
“ოჯახში კაცები გვყავს, ვის აქვს გარანტია, რომ რამე არ მოხდება? აქამდე ადვოკატიც არ გვყავდა, ვფიქრობდი, რომ კანონი თვითონ მიხედავდა. ახლა ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უმკაცრესად დაისაჯოს. თუ ცხრა თვეში გამომიშვებენ, მეც მოვკლავ მაგას. პანდემიას იმიზეზებდნენ და არც ვიცით, რა ხდებოდა მაგ საქმეში. რეალურად, სხვასთან ჩხუბობდა და ჩემი შვილი გაშველებაში მოკლა. ჩემი უდანაშაულო შვილი მკვდარია და ორი ობოლი დამიტოვა”- განაცხადა მოკლულის დედამ.
მაზმიშვილების ოჯახი უახლოეს დღეებში ადვოკატის აყვანასა და საქმეში აქტიურად ჩართვას გეგმავს.
შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, 2020 წლის 29 ივნისს მომხდარი მკვლელობისათვის ბრალდებული 49 წლის მამაკაცი პატიმრობიდან განთავისუფლდა. განთავისუფლების მიზეზი, 2021 წლის თებერვლის ბოლოს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამოძიებისათვის გათვალისწინებული ცხრათვიანი ვადის ამოწურვა გახდა. ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენება გადაწყვიტა. 12 მსაჯულის შერჩევის პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში, ნოემბრის თვიდან მიმდინარეობს.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა, სოფელ ჩუმლაყში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 39 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ერთი პირი კი, მძიმედ დაჭრა. მკვლელობის შემდეგ, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მოგვიანებით კი, პოლიციას ჩაბარდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე, 19, 109- ე და236- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განზრად მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს.