მთავრობა ემიგრანტებს 4 000 ლარით დააფინანსებს
დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამის ფარგლებში ამოქმედდება და მოიცავს ემიგრანტების დახმარებას.
თუ ემიგრაციაში იყავით ან ხართ შესაძლოა ჯანდაცვის სამინისტრომ 4000 ლარით დაგაფინანსოთ. პროგრამის მთავარი მიზანია საქართველოში დაბრუნდეს რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი და აქ დაიწყონ საქმიანობა. თანხა გაიცემა მხოლოდ რეალურ ბიზნეს-იდეაზე დაყრდნობით.
ასევე 4000 ლარის ფარგლებში გრანტუს მიღება შეუძლიათ ემიგრანტებს იმ შემთხვევაში თუ ისინი საზღვარგარეთ 12 თვეზე დიდ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში დაბრუნდნენ.
“პროექტის ფარგლებში ვეხმარებით ბენეფიციარებს, როგორც უკვე წამოწყებული საქმიანობის გაფართოებაში, ისე საქმიანობის წამოწყებაში. ბენეფიციარს მიღებული გრანტით შესაძლოა შევუძინოთ ხელობისთვის საჭირო იარაღები, მანქანა-დანადგარები ან სხვა ძირითადი საშუალებები, რაც მათი პროექტის განხორციელებისთვისაა საჭირო. იმისთვის რომ ბენეფიციარმა მოიპოვოს გრანტი, უნდა შეავსოს განაცხადი.
განაცხადის ფორმა არის ხელმისაწვდომი ვებგვერდზე, სადაც გაწერილია ყველა ის მოთხოვნა, რაც ბენეფიციარმა უნდა დააკმაყოფილოს. მან წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია თავისი პროექტის შესახებ. რაც შეეხება მონიტორინგის ნაწილს, ჩვენი მხრიდან მონიტორინგი ხორციელდება პროექტის განხილვამდეც, ანუ სანამ ის კომისიას წარედგინება და ასევე პროექტის დაფინანსების შემდეგაც ორი წლის განმავლობაში, თუ რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს სახელმწიფოს დაფინანსებული საქმიანობა”, – აცხადებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ინტეგრაცია, რეინტეგრაციის სამსახურის უფროსი დავით ფეიქრიშვილი.
ასევე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, რომ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი ორი წლის განმავლობაში ხორციელდება, იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი საქმიანობას მიატოვებს და ქვეყნის დატოვებას გადაწყვეტს, შესაძლოა სანქციის გადახდაც კი მოუწიოს.
მარიამ ოქროცვარიძე