კახეთში კორონავირუსზე ვაქცინაცია თელავის რეფერალური საავადმყოფოდან დაიწყება
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა დღეს საქართველოში შემოვიდა. პირველი ვაქცინა კახეთის რეგიონში 15 მარტს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გაკეთდება.
საავადმყოფოს მენეჯერის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, დაწესებულებამ რეგისტრაცია გაიარა და ვაქცინის მისაღებად მზად არის.
“ორშაბათს დილით შემოვა ვაქცინა და პირველი აცრები ჩატარდება. ჩვენ რეგისტრაცია გავლილი გვაქვს. ვნახოთ, რა რაოდენობა ჩაიტარებს ვაქცინაციას. ვაქცინის მისაღებად და პროცესისთვის მზად ვართ. ჩვენ ნაწილობრივ კოვიდ- კლინიკა ვართ და ვნახეთ, ამ ვირუსის სიმძიმე, ამიტომ ვთვლი, რომ ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს”– განაცხადა ჭონიაშვილმა.
კახეთის დანარჩენი შვიდი მუნიციპალიტეტის კორონა ვირუსზე ვაქცინაციას, 17 მარტიდან დაიწყებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთში კორონავირუსზე ამცრელ დაწესებულებად 13 სამედიცინო ცენტრია დარეგისტრირებული.
,,კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით დატვირთული მანქანა უკვე გამოსულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცენტრალური საწყობიდან და მოემართება კახეთისკენ. მობილიზებულია რაიონული საზჯანდაცვის ცენტრები და ადგილზე დახვდებიან ვაქცინის ადგილებზე დასასაწყობებლად. თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ვაქცინას ველოდებით დაახლოებით 3 საათის შემდეგ. ვაქცინაცია დაიწყება 15 მარტს თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, 17 მარტს დანარჩენ რაიონებში. სულ კახეთში კოვიდ 19-ზე ამცრელ დაწესებულებად დარეგისტრირებულია 13 დაწესებულება, მათგან თელავში 4, საგარეჯოში -3, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში თითო”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
დღეს საქართველოში, ასტრა ზენეკას ვაქცინის პირველი 43 ათასი დოზა შემოვიდა, რომლითაც პირველ ეტაპზე, სამედიცინო პერსონალი აიცრება.