საწვავის ფასი შესაძლოა 3 ლარამდე გაიზარდოს
გლობალურ ბაზრებზე ნავთობი გაძვირებას აგრძელებს. ეკონომიკის ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა ფასმა ერთ ბარელზე 80 დოლარს მიაღწიოს. მათივე თქმით, ცხადია, ასეთი ცვლილება ადგილობრივ ბაზარზეც მოახდენს გავლენას.
თუკი ფასი ამ ნიშნულს მიაღწევს, ეს ნიშნავს, რომ ქართველ მომხმარებელს ბენზინი მინიმუმ 2,90-3 ლარამდე გაუძვირდება. ამ ეტაპზე ლონდონის ბირჟაზე მაისის ფიუჩერსების ფასი ერთ ბარელ ბრენტის ტიპის ნავთობზე 70 დოლარის ფარგლებშია. ამერიკული ლაითის მარკის ნავთობის ღირებულება კი 68 დოლარამდე გაიზარდა. ასეთი მაღალი ფასი 2020 წლის იანვრის შემდეგ არ ყოფილა.
ნავთობის გაძვირების მიზეზებზე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ისაუბრა ანალიტიკოსმა ნიკა შენგელიამ. მისი ვარაუდით, ტენდენცია მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მეორე კვარტალში კი შეიძლება ნავთობის ფასმა დაიკლოს, თუმცა 60-დოლარიან ნიშნულს ვერ ჩამოსცდება.
,,ნავთობი პირველ კვარტალში რომ გაძვირდებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში ვსაუბრობდი. რაც შეეხება მიმდინარე ტენდენციას, ვფიქრობ, ფასი ზრდას ჯერჯერობით გააგრძელებს, სავარაუდოდ, მეორე კვარტალში დასტაბილურდება და კლებისკენ აიღებს გეზს, ალბათ 60 დოლარის ფარგლებში იტრიალებს. ჯერ-ჯერობით კი მოსალოდნელია 70-72 დოლარამდე მატება. ასეთი ვითარება ნებისმიერ შემთხვევაში ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზეც მოახდენს გავლენას. მაღალი ფასები შენარჩუნდება, მათ შორის, ნავთობპროდუქტებზეც.
საწვავის ფასი ყოველთვის ახდენდა გავლენას, ყველა პროდუქტის თვითღირებულებაზე, რომელსაც დისტრიბუცია სჭირდება, ამიტომ ცვლილება საქონლის ფასზეც ადეკვატურად აისახება. თუკი 80 დოლარს მიაღწევს ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება, მაშინ საქართველოში 1 ლიტრი ბენზინი 3 ლარამდეც გაძვირდება, მინიმუმ 2,90 ლარი იქნება, გააჩნია ლარის კურსსაც. ჩვენ ველოდებით, რომ ეროვნული ვალუტა 3,33-ის ფარგლებში იტრიალებს“, – განაცხადა ნიკა შენგელიამ