საქართველოში სექსუალური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა
სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვრის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, 5 პროცენტული ერთეულითაა გაზრდილი, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებაშია ნათქვამი.
როგორც ორგანიზაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, სექსუალური ძალადობა კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, ყველაზე დაფარულ და დაუსჯელ ფორმად.
„არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სექსუალური ძალადობისთვის ეფექტიან, დაზარალებულზე ორიენტირებულ, გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივ მექანიზმებს. ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის მართლმსაჯულება ხელმიუწვდომელი ან/და რთულად ხელმისაწვდომია. სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვრის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით 5 პროცენტული ერთეულითაა გაზრდილი. მიმდინარე წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სექსუალური დანაშაულის არაერთი მძიმე შემთხვევა, რომელთა მსხვერპლებიც არასრულწლოვნები არიან. არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები და მძიმე თანმდევი შედეგები ცხადყოფს, რომ პრობლემურია 16 წლამდე გოგონების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამოძიება და დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.