თელავში მცხოვრები ახალგაზრდა ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს
ქალაქ თელავში მცხოვრები 20 წლის თამარ ხახიაშვილი, ორ დასთან ერთად, სხვადასხვა მასალისგან ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს.
მან საქმიანობა 5 წლის წინ დაიწყო. როგორც თავად ამბობს, ცდამ გაამართლა და ახლა მათ მიერ დამზადებულ ნივთებზე მოთხოვნა დიდია. თამარი იხსენებს, რომ პირველად თმის სამაგრი დაამზადა, რომელიც მეგობარმა იყიდა.
მისივე თქმით, სწორედ ეს ფაქტი გახდა მისთვის სტიმული, რათა საქმიანობა გაეგრძელებინა.
,,ვარ თელავის უნივერსიტეტის სტუდენტი და ვსწავლობ აგრონომიის ფაკულტეტზე. ხელნაკეთი ნივთების კეთება 5 წლის წინ დავიწყე. პირველად დავამზადე თმის სამაგრი და მეგობარმა შეიძინა სტიმულის მოსაცემად. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე ეს საქმიანობა. ჯერ დავიწყე მუშაობა ბუნებრივ თექაზე, რისგანაც ვამზადებდი ნივთებს.
შემდეგ კი გადავედი ხელოვნური თექისგან ნივთების დამზადებაზე. თავიდან ვფიქრობდი მხოლოდ თექაზე მემუშავა, თუმცა ბოლო პერიოდში იმდენად აქტუალური გახდა ხელნაკეთი ნივთების გაკეთება, რომ მეც გადავწყვიტე ამ მიმართულებით მეცადა ბედი. ვაკეთებ სამკაულებს, მძივებს, გრებენებს, სამაჯურებს. ვქსოვ ჩანთებს ბუნებრივი თექისგან, ღვინის ბოთლის ჩასადებებს, ქუდებსდა სხვა”,- განუცხადა Knews.ge-ს თამარ ხახიაშვილმა.
გოგონა დამზადებულ ნივთებს ინტერნეტის საშუალებით ყიდის. მას ასევე სოციალურ ქსელში გვერდი აქვს შექმნილი, რისი დახმარებითაც შეკვეთებს ონლაინ იღებს.
,,როგორც კი ეს საქმიანობა დავიწყე, მაშინვე სოციალურ ქსელში შევქმენი გვერდი და ასე შევუდექი გაყიდვებს. თავიდან თითქმის არ მქონდა შეკვეთები, შემდეგ რაც უფრო გაგვიცნო ხალხმა მოთხოვნაც გაიზარდა. ამ საქმეზე სამი და ვმუშაობთ. ყველას თავისი საქმე აქვს. ამიტომ ჩვენი სახელებისგან შევქმენით ბრენდის სახელი ,,თანიმა”.
ჩემი და ნინო ქსოვს, მეორე და, მარი ჩანთებს აკეთებს და ხელოვნურ თექაზე მუშაობს. მეც ხელნაკეთ ნივთებზე ვმუშაობ. ნივთებს ძირითადად საქართველოში ვყიდით, თუმცა ყოფილა შემთხვევა, რომ საზღვარგარეთ გაგვიგზავნია ჩვენი ხელით დამზადებული ნივთი. მაგალითად: გერმანიში გავაგზავნე ჩემი ნამუშევარი. სპეციალური ჩანთის ძაფისგან მოქსოვილი ჩანთა”,- განაცხადა თამარ ხახიაშვილმა.
იგი აცხადებს, რომ მის საქმიანობაზე პანდემიამ დიდი გავლენა ვერ მოახდინა, თუმცა გარკვეული კუთხით ხელი შეუშალა დასახული მიზნების განხორციელებაში.
,, პანდემიამ ჩემს საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა ვერ მოახდინა, მქონდა შეკვეთები სხვა დროსთან შედარებით ცოტა მეტიც, მაგრამ მქონდა იდეები, რომლის განხორციელებაც მინდოდა და შეზღუდვების გამო ვერ მოვახერხე. გარდა ამისა, სურვილი მაქვს ტურიზმის მიმართულებით საქმიანობის. მინდოდა ჩვენი შექმნილი ნივთების ყიდვის შესაძლებლობა ტურისტებსაც ჰქონოდათ, თუმცა მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, ჩემი ნივთების დახლებზე დალაგებაზე უარს მეუბნებოდნენ. სწორედ ამიტომ ამ მხრივ პასიური გავხდი.”
ახალგაზრდა ხელოვანი სამომავლოდ ორიგინალური ტელეფონის ქეისების დამზადებას გეგმავს.