ახალი ამბები

მაისის ბოლომდე ორჯერადად 200 000 ადამიანის აცრაა დაგეგმილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მარტში დაიწყოს კორონა ვირუსზე ვაქცინაცია.

მისივე თქმით მაისის ბოლომდე ორჯერადად 200 000 ადამიანის აცრაა დაგეგმილი.

ძალიან გვინდა, მაისის ბოლომდე დაახლოებით 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ ორჯერადად და შემდეგ უკვე ივნისიდან დავიწყოთ აცრების ე.წ. გაფართოებული კამპანია. ამის სქემები არსებობს. ვადევნებთ თვალ-ყურს, ცნობილი ვაქცინების გარდა, კიდევ რომელი ვაქცინა გამოჩნდება ბაზარზე. ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მუშაობა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით, როგორც კოვაქს პლატფორმის მეშვეობით, ისე პირდაპირ ვაქცინის მწარმოებლებთან.

„ფაიზერი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი დღეს და სურს, ევროკავშირთან შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები, ამიტომაც პრობლემა შეიქმნა იმ 18 ქვეყნის მომარაგებაში, რომელიც „კოვაქსიდან“ უნდა მომარაგებულიყო, ჩვენც შევდიოდით 18 ქვეყანაში, გადაიწია მარტის ბოლოსკენ, ზუსტი რიცხვი არ ვიცით „ფაიზერთან“ მიმართებაში, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ იგივე „ასტრაზენეკას“ მიღებასთან დაკავშირებით კოვაქსით და პირდაპირი მოლაპარაკებით „ასტრაზენეკას“ ორ მწარმოებელთან.

წესით და რიგით, თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა უნდა მივიღოთ მარტში, რადგან კონტრაქტები გაფორმებულია. იანვარში იყო წამოყენებული სამი მთავარი პირობა, რომელიც დააკმაყოფილა საქართველომ, მაგრამ იმის გამო, რომ ზოგიერთ ქვეყანას, რომელსაც მიეცა „ფაიზერის“ გარკვეული დოზები, პირდაპირ გეტყვით, გაუფუჭდათ, რადგან არ იქნა დაცული პირობები, 4-5 დღის წინ მოვიდა დამატებითი პირობები, რომელზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.