პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გამო იყალთოში 3-სართულიანი სასტუმრო 5,9 მლნ-ად იყიდება
თელავის რაიონის სოფელ იყალთოში 3-სართულიანი სასტუმრო იყიდება – მიზეზი კრედიტი და პანდემიაა. როგორც უძრავი ქონების განცხადებების ერთ-ერთ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასტუმრო დაახლოებით 5.9 მლნ ლარადაა შეფასებული.
საუბარია მთლიან კომპლექსზე, რომელშიც შედის მოქმედი, ორსართულიანი რესტორანი (პირველი სართული 170 პერსონაზე, მეორე სართული 270 პერსონაზე), ასევე ხუთნომრიანი დასრულებული, მოქმედი სასტუმრო და 3-სართულიანი, 11-ნომრიანი მშენებარე სასტუმრო. სასტუმროს აქვს მოქმედი დიდი აუზი, ბუხარი, თონე, არყის გამოსახდელი, ფანჩატური, გამწვანებული ეზო და დიდი სპარკინგე ტერიტორია. მთლიანი ტერიტორია 5000 კვ/მზე მეტი ფართობია.
„ხუთნომრიანი სასტუმრო მოქმედია. თუმცა, გაფართოებისთვის აღებული გვქონდა კრედიტი. იმ თანხით პირველი ეტაპის სამუშაოები დავასრულეთ, გარედან გავაკეთეთ, მეორე ეტაპზე უკვე შიდა სარემონტო სამუშაოების დასასრულებლად, ბანკმა აღარ მოგვცა დამატებით სესხი, ეს პანდემიის დასაწყისი იყო. დაგვრჩა სესხი, დაუსრულებელი შენობა, რესტორანიც დაიკეტა პანდემიიდან გამომდინარე, კრედიტის გადავადებაც მოგვიწია, შესაბამისად გაიზარდა პროცენტიც“, – განაცხადეს კომპლექსის წარმომადგენლებმა.