ახალგაზრდა ფერმერი წნორში აგროტურისტული ცენტრის აშენებას გეგმავს
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორში მცხოვრები ახალგაზრდა ფერმერი, ნიკა ბაგალიშვილი აგროტურისტული ცენტრის აშენებას გეგმავს.
შენობა, რომლის აშენებასაც ფერმერი საკუთარ მეურნეობაში გეგმავს, ორსართულიანი იქნება, სადაც პირველ სართულზე ღია სივრცე მოეწყობა, მეორე კი დახურული, სადაც მოეწყობა სამზარეულო და სადეგუსტაციო სივრცე.
ნიკა ბაგალიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნულ სივრცეს ტურისტული დატვირთვა ექნება და ტურისტებს მის მიერ მოყვანილი ბიო პროდუქტების დაგემოვნება შეეძლებათ.
,,აღნიშნული ცენტრის მშენებლობის მიზანია, რომ ჩემი მეურნეობა გახდეს აგროტურისტული. ამ კუთხით ვგეგმავ გააქტიურებას. გარდა ტურისტების მიღებისა, მოხდება ბიომეურნეობის და ბიოპროდუქტების პოპულარიზაცია”,- განუცხადა Knews.ge-ს ნიკა ბაგალიშვილმა.
მისივე თქმით, აგროტურისტული სივრცის მაკეტი უკვე შემუშავებულია. მისივე თქმით, მას სამშენებლო გეგმის შედგენაში მეგობრები დაეხმარნენ. ფერმერის განმარტებით, მან სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო.
,,მეგობრები მყავს არქიტექტორები და ისინი დამეხმარნენ შენობის გეგმისა და მაკეტის დამზადებაში. შენობა, რომელიც ჩემს მეურნეობაში აშენდება, ორსართულიანი იქნება. პირველი სართულზე იქნება ღია სივრცე და მეორეზე კი დახურული. ნებისმიერ მომსვლელს შეეძლება მოვიდეს დააგემოვნოს ბოსტნეულისგან დამზადებული კერძები”,- აღნიშნა ნიკა ბაგალიშვილმა.
გარდა შენობისა, მეწარმე ასევე ეგზოტიკური პროდუქციის წარმოებას შავი პომიდორის, ფერადი წიწაკების, იასამნისფერი სტაფილოს და კარტოფილის წარმოებას გეგმავს. მისი განცხადებით, იასამნისფერი სტაფილოს გარდა, სხვა ჯიშების მოსაყვანად სათესლე მასალის გამოწერა უწევს.
,,აღნიშნული პროდუქტების მოყვანა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ადგილობრივ ბაზარზე მცირე რაოდენობით იყიდება. ერთხელ ერთ შეხვედრაზე რესტორნების წარმომადგენლების მხრიდან წამოვიდა მოთხოვნა ეგზოტიკურ პროდუქტებზე. იქიდან გამომდინარე, რომ მიყვარს სიახლეები, გადავწყვიტე აღნიშნული პროდუქტების მოყვანა. ისინი ჩვეულებრივი პროდუქციისგან განსხვავედება გემოვნური თვისებებით, ვიზუალური ეფექტი აქვს ძალიან კარგი. პირველ ეტაპზე ვგეგმავ აქცენტის რესტორნებზე გაკეთებას, თუმცა ინდივიდუალურადაც იქნება შესაძლებელი ყიდვა.
ვაპირებ რადენიმე სახეობის ბიო პროდუქტების მოყვანის გარდა, ვაწარმოო შავი პომიდორი, ისამნისფერი სტაფილო და კარტოფილი, ფერადი წიწაკები და ბატატი მცირე რაოდენობით. წელს პირველად მექნება შავი პომიდორი და მისი შეძენა ივნისის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. იგი ვიზუალურად ნამდვილად შთამბეჭდავია და გემოვნური თვისებებითაც განსხვავდება ჩვეულებრივი პომიდვრისგან, მიუხედავად იმისა, რომ ეს გემოც ნამდვილად იგრძნობა. ბაზრისგან განსხვავებულია ფერადი წიწაკები, რომელიც ჯერ საქართველოში არ არის და მასაც მოვიყვან. შავი პომიდვრის გარდა სხვა, მცირე ზომის ფერადი პომიდვრებიც გვექნება“,– განუცხადა Knews.ge-ს ნიკა ბაგალიშვილმა.
მეწარმეს თქმით, ეგზოტიკური პროდუქციის სათესლე მასალის ნაწილს იწერს უცხოური საიტებიდან, ნაწილს კი ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს.
,,იასამნისფერი კარტოფილისა და სტაფილოს სათესლე მასალას ვიწერ უცხოეთიდან, დანარჩენი საქართველოში მოიპოვება. ადგილობრივ ბაზარზე ეგზოტიკური პროდუქცია იწარმოება თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით’’,– განაცხადა ნიკა ბაგალიშვილმა.
ბიო მეურნეობა „სამყურა“ წნორში მდებარეობს და მათი წარმოებული პროდუქცია ბაზარზე 2018 წლიდან იყიდება. ნიკას თქმით, 20-მდე სახეობის ბიო პროდუქტს, ბროკოლს, ლობიოს, კარტოფილს, ცხარე და ბულგარულ წიწაკას, პომიდორს და სხვა პროდუქტებს აწარმოებს.