ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების გამანაწილებელი არხების რეაბილიტაციის საქმეზე 7 პირი პასუხისგებაში მიეცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისთვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს საქართველოს მელიორაციისა და კერძო შპს-ს თანამშრომლები.
გამოძიებით დგინდება, რომ 2018 წლის 13 სექტემბერსა და 11 ოქტომბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორ ლოტად გამოცხადდა ელექტრონული ტენდერები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების გამანაწილებელი არხების გ-32 ისა და გ-35-ის მოწყობის თაობაზე, ღირებულებით 2 421 360, 62 და 1 482 680 ლარი.
გ-32 ის მოწყობის სამუშაოებში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,კაპიტელმა“ და გ-35 ის მოწყობის სამუშაოებში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,კალასმა“, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამუშაოები არ აწარმოეს დადგენილი პროექტის შესაბამისად, რის შედეგადაც შპს ,,კაპიტელის“ წარმომადგენლები თაღლითურად დაეუფლნენ 148 072 ლარს, ხოლო შპს ,,კალასის“ წარმომადგენლები – 106 237 ლარს.
სამუშაოთა წარმოების ორივე მიმართულებაზე ზედამხედველობას ახორციელებდნენ შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ ზედამხედველობისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საველე ინჟინერ-ზედამხედველები, რომლებმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ სამუშაოთა არასრულყოფილად წარმოების შესახებ, არ გაატარეს სათანადო ზომები და საპირისპიროდ ხელმოწერით დაადასტურეს ყალბად შედგენილი ფარული სამუშაოების ამსახველი აქტები და სამუშაოთა შესრულების უწყებები, რითიც დაეხმარნენ შპს-ს წარმომადგენლებს თაღლითურად დაუფლებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.