ახალი ამბები

დღეიდან თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა დაიწყო

დღეიდან თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა სატეტსო რეჟიმში დაიწყო მუშაობა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, ავტობუსი მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტებით.

მისი თქმით, მოქალაქეებს ავტობუსში ასვლისას რეგულაციების დაცვა მოუწევთ.

შოთა ნარეკლიშვილი აცხადებს, რომ ჯერ გადახდის სისტემა არ არის შემუშავებული, ამიტომ რამდენიმე თვე მოქალაქეებს მგზავრობის საფასუროს გადახდა არ მოუწევთ.
,,თელავს 5 ავტობუსი ყავს და მისი რაოდენობა უახლოეს პერიოდში კიდევ 5 დაემატება. რეგულაციების გათვალისწინებით იმოძრავებენ ავტობუსები და თითოში 20 ადამიანზე მეტის ასვლა დაუშვებელია”,-განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

საწყის ეტაპზე სამგზავრო ავტობუსები მხოლოდ ქალაქ თელავში იმოძრავებს, მოგვიანებით კი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც მოიცავს.

ავტობუსიდან პირველი 5 ერთეული 8.5-მეტრიანი, EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი თელავს გასული წლის ბოლოს ოფიციალურად გადაეცა.

თვის ბოლოს დაგეგმილია ქალაქისთვის დამატებით კიდევ 5 ავტობუსის გადაცემა. ახალი ავტობუსები გათვლილია 50 მგზავრზე, ის სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

მთლიანობაში თელავის მუნიციპალიტეტს ეყოლება 40 ავტობუსი, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

ტრანსპორტის ამუშავებისთვის, შექმნილია ააიპ ორგანიზაცია, რომელიც მის გამართულ მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი. ასევე გადამზადდა 20 მძღოლი.

ასევე ცნობილია ავტობუსების გადაადგილების 4 მარშრუტი:

პირველი მარშრუტი მოიცავს აგრარულ ბაზარს, ქეთევან წამებულის ქუჩას, ერეკლე ll-ის მოედანს, არსენიშვილის ქუჩას, ფალიაშვილის ქუჩას, საავადმყოფოს,ლეონიძის ქუჩას, სპორტსკოლას, ნადიკვარს, ბატონის წყალს, რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩებს.

მეორე მარშრუტი მოიცავს აგრარულ ბაზარს, ალაზნის გამზირს,სეხნიაშვილის ქუჩას, კავკასიონის, ვარდოშვილის, ქეთევან წამებულის, ბახტრიონის, უნივერსიტეტის ქუჩებს, ასევე ზუზუმბოს, უნივერსიტეტს, კოლეჯს, ჩოხელის ქუჩას, ერეკლე II-ის მოედანსა და აგრარულ ბაზარს.

მესამე მარშრუტი მოიცავს ასევე აგრარულ ბაზარს, ჭავჭავაძის ქუჩას, რუსთაველის ქუჩას, თბილისის გზატკეცილს,თელიანის ქარხანას, მშვიდობის ქუჩას, თბილისის გზატკეცილს, რუსთაველის და აღმაშენებლის ქუჩებს და ვარდისუბნის წრიულს. ასევე ჭავჭავაძის ქუჩას და აგრარულ ბაზარს.

მეოთხე მარშრუტი მოიცავს აგრარულ ბაზარს, ჭავჭავაძის, თამარის, დავითაშვილის ქუჩებს, თბილისის გზატკეცილს, მშვიდობის ქუჩას, რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩას. ასევე აგრარულ ბაზარს.