დედოფლისწყაროში კომპანია ,,ფრონტერას” ყოფილი თანამშრომლები აქციას მართავენ
ნავთობმომპოვებელი კომპანია ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ყოფილი თანამშრომლები დედოფლისწყაროში მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები სახელფასო დავალიანების დაფარვას და უსამართლოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას მეორე წელია ითხოვენ.
მათი განცხადებით, ისინი კომპანიას ამოღებული ნავთობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გატანის უფლებას არ მისცემენ, რადგან მათ შეთანხმება დაარღვიეს და პროდუქტის რეალიზების შემდეგ დავალიანების დაფარვაზე კვლავ უარს ამბობენ.
კომპანიის მენეჯერი გიორგი ჯანიაშვილი ამბობს, რომ “ფრონტერას” ხელმძღვანელობა მზად არის ყოფილ თანამშრომლებს შეხვდეს და არსებული საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილოს.
საპასუხოდ, აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ ამ დრომდე კომპანიიდან მათთან კონტაქტზე არავინ გამოსულა და სავარაუდოდ ამჯერადაც იტყუებიან.
“ფრონტერას” წინააღმდეგ სახელმწიფომ დავა საერთაშორისო არბიტრაჟში მოუგო. კომპანია “ფრონტერას” 84 თანამშრომლის მიმართ 11 თვის დავალიანება, ჯამში მილიონამდე ლარი აქვს.
კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით ყოფილმა თანამშრომლებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს გასულ წელს მიმართეს.