სასამართლომ სოფელ კისისხევში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ კისისხევში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს, 47 წლის ჯარჯი არაბულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა,ხოლო დაცვის მხარე,დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აღკვეთის გაუქმებას ითხოვდა. პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც.
ის ჩადენილ დანაშაულში აღიარებს და აცხადებს, რომ დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია, ვინაიდან, მომხდარის დროს აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 21 იანვარს, თელავის რაიონის სოფელ კისისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საქონლის ფერმაში, დ.ფ.-სთან და ხ.ე.-სთან ურთიერთშელაპარაკებით განაწყენებულმა ჯ.ა.-მ, შურისძიების მოტივით გადაწყვიტა დ.ფ.-ს და ხ.ე.-ს განზრახ მკვლელობა. ბრალდებულმა დანის გამოყენებით, სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები მიაყენა ხ.ე.-ს, ხოლო შემდეგ მძიმედ დაჭრა დ.ფ. მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად დ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ხ.ე.-მ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.
დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 108-ე მუხლით წარედგინა.