ლაგოდეხის ნაკრძალში ფოტოხაფანგმა ნიამორი დააფიქსირა
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში ფოტოხაფანგმა ნიამორი ისევ დააფიქსირა.
ნიამორის უახლოესი პოპულაცია, დიდი კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე დაღესტანში ბინადრობს. იგი წყვილჩლიქოსანი ცხოველია, ძროხისებრთა ოჯახიდან.
“ბოლო წლებში ნიამორის ექვსი სხვადასხვა ინდივიდის დაფიქსირება ძალიან საინტერესო ფაქტია და საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამასთან მათი ლაგოდეხის ნაკრძალში „შემოსვლა“ მიუთითებს იმ ფაქტს, რომ სანაკრძალო რეჟიმი კარგადაა დაცული. ცხოველები აქ მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.”– აცხადებენ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში.
ასევე აღსანიშნავია, რომ ნიამორი საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი, უკიდურესი საფრთხის ქვეშ მყოფის (CR) სტატუსით.