პოლიციელის მიერ მოკლული თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი დღეს დაკრძალეს
26 დეკემბერს პოლიციელის მიერ მოკლული თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი დღეს დაკრძალეს.
მას სოფელ იყალთოში ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს. მას თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ესროლა. თვითმხილველების თქმით, მკვლელობა ერთ-ერთ ოჯახში, დაბადების დღის სუფრაზე ყოფნის შემდეგ მოხდა.
პროკურატურამ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
სოფელ იყალთოში მცხოვრები დავით ლაჩაშვილი, რომლის ოჯახშიც იმყოფებოდნენ აღნიშნული პირები, იხსენებს, რომ ზურა საჩიშვილი და მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ და სუფრაზე ერთმანეთს არც კი დალაპარაკებიან.
მისი თქმით, მომხდარი ძალიან მძიმე ტრაგედიაა. ის ექიმ ზურა საჩიშვილს უკონფლიქტო ადამიანად ახასიათებს და ამბობს, რომ თელავში ის გამორჩეულად კარგი ადამიანი იყო.
,,სახლში, ჩემს დაბადების დღეზე იყვნენ მოსულები, სულ 5 ადამიანი ვიყავით. ვიქეიფეთ და მერე ყველა ერთად გავაცილე, 11 საათი იქნებოდა სახლიდან რომ წავიდნენ.
პოლიციელის, ვანოს მანქანაში ჩასხდნენ, მას უნდა წაეყვანა ბიჭები თელავში და სახლებში მიეყვანა. წავიდნენ ერთად, მე შემოვედი სახლში, მერე რა მოხდა და გზაში რაზე იკამათეს არ ვიცი. შიგნით არანაირი კონფლიქტი არ იყო. ზურა მე მეჯდა გვერდით და ვლაპარაკობდით. ვანოს პირადად არ იცნობდა, პირველად შეხვდნენ ჩემთან ერთმანეთს, ამიტომ მათ შორის ადრე რაიმე კონფლიქტი რომ ყოფილიყო, ეს გამორიცხულია.
ზურა ჩემი დიდი ხნის მეგობარი იყო. უმაღლესი პიროვნება, კარგი ადამიანი, მეგობრული, წესიერი და პატიოსანი. არასოდეს მინახავს სადმე ვინმესთან კონფლიქტი მოსვლოდა. ვანოც წესიერი ბიჭია. რაზე იკამათეს არ ვიცი”,- განაცხადა დავით ლაჩაშვილმა.
ზურა საჩიშვილი დღეს თელავში, ახალი სასაფლაოს ტერიტორიაზე დაკრძალეს.