პროკურატურამ იყალთოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავა
პროკურატურამ სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
„მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ.
საქმეზე ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, წუხელ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურა საჩიშვილი მოკლეს. დაჭრილია ერთი ადამიანი.