კახეთში სასულიერო პირებს COVID 19-ზე ტესტს 14 დღეში ერთხელ გაუკეთებენ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, სასულიერო პირები იმ კატეგორიას მიაკუთვნეს, რომლებსაც COVID 19-ზე ყოველ 14 დღეში ერთხელ PCR ტესტით შეამოწმებენ.
მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება რელიგიურ კონფესიებთან არის შეთანხმებული.
„ეს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაა და მთელ საქართველოზე ვრცელდება. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიის წარმომადგენლის მონაწილეობით. ყველამ გამოთქვა სურვილი ტესტირების, იეღოვას მოწმეთა გარდა. მათი პასუხი ჯერ არ იციან. ასე, რომ, ვისაც სურვილი აქვს, გაიტესტება 14 დღეში ერთხელ. როგორც იცით აქამდე სავალდებულო ან შერჩევითი ტესტირება ეხებოდა: სამედიცინო პერსონალს, მათ შორის სოფლის ექიმებს, შსს-სა და საბაჟოს თანამშრომლებს, პედაგოგებს, მოხუცებულთა თავშესაფრებსა და მათ მომვლელებს, სტომატოლოგებს და ფარმაცევტებს“ – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთის მასშტაბით COVID-19 ლაბორატორიულად სულ 7 709 მოქალაქეს დაუდასტურდა.
ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე მკურნალობას 2,926 მოქალაქე გადის, აქედან 3 737 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 15 კოვიდ–სასტუმროში, ხოლო 174 კი კოვიდ-კლინიკაში იმყოფება.