ახალი ამბები

ხელოვანი გოგო თელავიდან, რომელიც საბავშვო საწოლების აქსესუარებს ხელით ქმნის

ხელოვანი გოგონა თელავიდან თელავში მცხოვრები ახალგაზრდა ხელოვანი თათია აივაზაშვილი, მეორე წელია საბავშვო საწოლებისთვის აქსესუარებს ხელითა და დიზაინით ქმნის.

თათია ამბობს, რომ ხელოვნება და ხელნაკეთი ნივთების გაკეთება ბავშვობიდან მოსწონდა. მან ამ მიმართულებით ბიზნეს საქმიანობა პირველი შვილის ყოლამდე დაიწყო.

მისივე თქმით, თავდაპირველად ბავშის საწოლისთვის აქსესუარები პირადი მოხმარებისთვის გააკეთა, თუმცა როცა მისმა ნამუშევარმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა, გადაწყვიტა საქმისთვის ხელი სერიოზულად მოეკიდა.

 

,,როდესაც ჩემი პირველი შვილი იბადებოდა, მთელი ოჯახი რა თქმა უბდა გადართული ვიყავით, რომ ყველაფერი საუკეთესო აგვერჩია. სამწუხაროდ ვერ მივაგენი იმ ხარისხს და დიზაინს რაც მსურდა. კერვა ყოველთვის მიტაცებდა ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ჰობი პროფესიად მექცია ისე.

ვიფიქრე, რომ იმ პირველ ნივთებს რომლებთან კონტაქტიც ჩემს პირველ გოგონას ექნებოდა, იმაზე დიდი სიყვარულით ვერავინ შექმნიდა ვიდერე მე. სწორედ ამის შემდეგ მოვიძიე ყველა საჭირო ნივთი. პირველად ბებიის ნაქონი ძველი მანქანით ვცადე კერვის დაწყება.

ყველა დეტალს ვუფრთხილდებოდი და ძალიან დიდ დროს ვუთმობდი. როდესაც დავასრულე ნამუშევარი ყველა აღფრთოვანებული დარჩა და რაც მთავარია მეც კმაყოფილი ვიყავი. ყოველდღე ვუყურებდი უკვე გაწყობილ და გალამაზებულს ნამუშევარს, ვუღებდი ფოტოებს და მინდოდა კიდევ შეემეკერა, მაგრამ რატომღაც თავს ვიკავდებდი’’,– განუცხადა knews.ge-ს თათია აივაზაშვილმა.

 

მისი თქმით, მეუღლის გვერდში დგომამ და პირველად შექმნილი ნამუშევრის ოჯახის წევრების და მეგობრების მოწონებამ გადააწყვეტინა საქმისთვის სერიოზულად მოეკიდა ხელი.

თათიას განცხადებით, საქმიანობის დაწყება რთული იყო, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

,,ერთ დღეს ჩემმა მეუღლემ შემომთავაზა შემეკერა ბავშვის საწოლის აქსესუარები და ონლაინ გამეყიდა. თავიდან ხუმრობად მივიღე, მაგრამ როდესაც ამიხსნა და დამარწმუნა, რომ ეს არამარტო სამუშაო არამედ გამოცდილება იქნებოდა ჩემთვის. თან ამით ჩემს ჰობს და სწავლას ერთმანეთს დავუკავშირებდი.

შევქმენით გვერდი, ავტვირთე ჩემი ნამუშევარი. პირველი შეკვეთა მახსოვს ნაცრისფერი კომპლექტი იყო, ე.წ. ბუდეს + საბანი, რომელიც 50 ლარად გავყიდე და აღფრთოვანებული ვიყავი. ემოციურ ფონზე ვერ განვსაზღვრე ზუსტი ფასი, რადგან ვერ ვიფიქრებდი თუ ასე მალე მეყოლებოდა პირველივე მყიდველი’’,– აცხადებს თათია აივაზაშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორსულს უწევდა მუშაობა და საჭირო პროდუქციის საყიდლად სიარული, ეს მისთვის სასიამოვნო იყო.

თათია განმარტავს, რომ პირველი ნამუშევრის გაყიდვის შემდეგ მას ბევრი მსურველი დაუკავშირდა და იყო პერიოდები, როცა კვირაში 10 სრულ კომპლექტს ამზადებდა და ყიდდა.

,,ზოგადად საშუალოდ კვირაში 2– 3 კომპლექტს ვყიდი. რაც შეეხება ფასს ინდივიდუალურია. შეკვეთების უმრავლესობა ინდივიდუალურად მაქვს მორგებული შემკვეთზე, ჩემი მომხმარებლის 70 % უნდა, რომ გამორჩეული და განსხვავებული პროდუქტი ქონდეს.

შესაბამისად ფასიც ყველას განსხვავებული აქვს. სტანდარტული კომპლექტის ფასები 100–დან 500 ლარამდე მერყეობს. ამ ეტაპზე აღნიშნული კომპლექტებით თბილისში რამდენიმე მაღაზიას ვამარაგებ’’,– აცხადებს თათია აივაზაშვილი.

იგი ამბობს, რომ ყველაფერს თავისი დიზაინით ქმნის, რაც შემკვეთებს ძალიან მოსწონთ. თუმცა არის შემთხვევები, როცა დიზაინს თავად მყიდველი არჩევს. მისი თქმით, ამ ეტაპზე რამდენიმე სახეობის პროდუქტს ამზადებს, რაზედაც მოთხოვნა საკმაოდ დიდია.

,,ვქმნი ყველაფერს რა იდეაც მომივა ან მომაწოდებენ. ეს იქნება ბალიში ანიმაციები, ბავშვის ჩასაწვენი კალათები, ბუდეები, საბნები, თეთრეული, საწოლის ბამპერები, საბავშვო კარვები, მეძუძური დედების დამხმარე ბალიშები, უბრალო მოსართავები თუ სხვა. ფასი განსხვავებულია, თუმცა ნამუშევრის ხარისხთან შედარებით საკმაოდ დაბალი’’,– აცხადებს თათია აივაზაშვილი.

ხელოვანი სამომავლოდ საქმიანობის გაფართოვებას და ხელნაკეთი ნივთების უცხოეთის ბაზარზე გატანასაც გეგმავს.