რიგები ბანკებთან და მაღაზიებთან თელავში – შეზღუდვების ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე
უსასრულო რიგები ტანსაცმლის, ტექნიკის, სასურსათო და სამშენებლო მასალების მაღაზიებთან. მთავრობის მიერ გამოცხადებული შეზღუდვების ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე, თელავში მოსახლეობის განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნებოდა.
მაღაზიეში თუ ბანკების წინ ან ქუჩაში, მოქალაქეები დისტანციის დაცვის გარეშე იდგნენ.
როგორც ადგილობრივებმა Knews.ge-ს განუცხადეს, იმის გამო, რომ ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი წყვეტს მუშაობას, იძულებულები არიან დიდ რიგში ჩადგნენ და მინიმუმ ერთი კვირის სამყოფი მარაგი იყიდონ.
,,მაღაზიაში რიგში ვიდექი დიდი ხნით, რომ რამდენიმე კვირის სამყოფი სურსათი მეყიდა. დიდი რიგებია ყველგან, როგორც ბაზარში, ასევე მაღაზიებში”. – განუცხადა Knews.ge-ს ერთ–ერთმა ადგილობრივმა.
სასურსათო მაღაზიების გამყიდველების თქმით, შეზღუდვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მყიდველთა ნაკადი გაორმაგდა.
მათივე თქმით, ისინი ყველა მყიდველს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ და აწვდიან ინფორმაციას, რომ სასურსათო მაღაზიები არ იკეტება და ნებისმიერ დროს შეუძლიათ სასურველი პროდუქტის შეძენა.
მოქალაქეთა აქტიურმა მობილობამ ქალაქში გადატვირთა გზებიც, შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში საცობი იყო თელავის ცენტრალურ ქუჩებზე და ბანკების თუ მაღაზიების მიმდებარე ტერიტორიებზე.