უმუშევრად დარჩენილები 1 იანვრიდან 200 ლარიან კომპენსაციას ისევ მიიღებენ
დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ. გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო და პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ გააჟღერა.
„ადამიანები, რომლებიც ფორმალურად იყვნენ დასაქმებული, თუმცა დაკარგეს სამსახური, 1200 ლარს მიიღებენ 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარის ოდენობით. პროგრამა აღდგება 1 იანვრიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლა 125 ათასმა ადამიანმა და ფიქრობენ, რომ ეს მაჩვენებელი ახლაც შენარჩუნდება.
ინფორმაციისთვის, 200-ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში იღებდნენ ისინი, ვინც covid-19-ის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩნენ და კომპანიამ უხელფასო შვებულებაში გაუშვა.
პროგრამის პირველი ტალღა 1 დეკემბერს სრულდება.