ქვეყნის მასშტაბით, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება
ეს არის ის კომპრომისი, რომელიც მინიმალურ შესაძლო ზიანს მიაყენებს ეკონომიკას, მაგრამ ორი თვის განმავლობაში მაქსიმალური ეპიდემიოლოგიური შედეგი უნდა მოგვცეს,- ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.
„28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე ჩვენ გავქვს წერტილოვანი შეზღუდვების მაქსიმალური რაოდენობა. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლის ჩვენს მოქალაქეებს – კათოლიკეებს, მართლმადიდებლებს, ყველას ერთად ვაძლევთ შესაძლებლობას, ერთად ვიზეიმოთ ახალი წელი და რელიგიური დღესასწაულები.
შემდგომ ისევ ვუბრუნდებით შეზღუდვებს 3-დან 16 იანვრამდე. ქვეყნის მასშტაბით 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ცხადდება უქმე დღეები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ეს მოგვეხმარება დამატებითი მობილობის შემცირებაში, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კიდევ ერთი ბლოკი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ რაოდენობას მივცეთ შესაძლებლობა, საახალწლო დღესასწაულები წინასწარ დაგეგმონ, იმისთვის, რომ მათი მობილობა ჩაკეტილ დღეებში არ იყოს და გადაადგილება დაგეგმონ ორ კვირაზე ცოტა მეტი დროით“,– განაცხადა გახარიამ.