ორგანიზაციამ ,,მრავალეროვანი საქართველო” კახეთში უბნებზე 4 დარღვევა დააფიქსირა
„მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებით, კახეთში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის კაბინაში ფოტოს გადაღების, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, უბანზე არაუფლებამოსილ პირთა ყოფნის და არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის მცდელობის ფაქტები დააფიქსირეს.
ორგანიზაციის საარჩევნო ექსპერტი ლელა ტალიური განმარტავს, რომ მიუხედავად ამ დარღვევებისა, არჩევნები კახეთში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
,,კახეთში საარჩევნო უბნებზე ოთხი დაღღვევა დავაფიქსირეთ. ერთი შემთხვევა ახმეტის 25–ე უბანზე მოხდა, სადაც ამომრჩეველმა კენჭისყრის კაბინაში გადაიღო ფოტო, რაც საარჩევნო კანონმდებლობით აკრძალულია.
მეორე ფაქტი უკავშირდება ლაგოდეხის 22–ე უბანს, სადაც ერთ–ერთმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის ფარულობა დაარღვია და კაბინაში არ შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას კომისიის წევრებმა ამის თაობაზე მიუთითეს, არჩევანი მაინც საჯაროდ გააკეთა რეგისტრატორის მაგიდაზე.
ასევე 22–ე უბანზე დაფიქსირდა ფაქტი, რომ ნაკადის მომწესრიგებელმა დაახლოებით 5 ამომრჩევერლი პირადობის მოწმობის გარეშე შეუშვა უბანზე. კომისიამ ამომრჩევლებს არჩევანის უფლება არ მისცა და უკან გააბრუნა.
ერთი ფაქტი დაფიქსირდა ახმეტის პირველ საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველი მობილური ტელეფონით გადაღებული პირადობის მეშვეობით ცდილობდა ხმის მიცემას და თან არ ჰქონდა პირადობა. მას ხმის მიცემის უფლება არ მისცეს. ზოგადად უბნებზე არის მშვიდი ვითარება. ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს”,– განუცხადა knews.ge-ს ლელა ტალიურმა.
მისი თქმით, ,,მრავალერობანი საქართველო” აკვირდება არჩევნებს ძირითადად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.