საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში კახეთში ოპოზიციის დეპუტატობის კანდიდატი მონაწილეობას არ მიიღებს
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
მაჟორიტარული წესით არჩევნები კახეთის ორი ოლქიდან ერთში, თელავი–ყვარელი–ახმეტა– ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში გაიმართება, სადაც უბანზე მისულ ამომრჩეველს ბიულეტენზე მხოლოდ ორ კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აღნიშნულ ოლქში ხმების 47, 26% ქართული ოცნების კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მოიპოვა 40, 43% კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა.
მიუხედავად არჩევნების მეორე ტურის დანიშვნისა, ოპოზიცია შედეგებს არ ეთანხმება და აპროტესტებს. მათი თქმით, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
არჩევნების მეორე ტურში არ მიიღებს მონაწილეობას თელავი– ყვარელი– ახმეტა– ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი. მისი განცხადებით, ყველა ოპოზიციური ძალა ერთად დგას იმისთვის, რათა დაიცვან ის ადამიანები რომელსაც წაართვეს ხმის უფლება.
,,ჩვენ უნდა დავიცვათ ის ადამიანები, ვინც ძალით მიიყვანეს საარჩევნო უბნებზე, მოისყიდეს და დააშინეს იმისთვის, რომ რაღაც შედეგი მიეღოთ. არაფრად მიღირს დეპუტატობა, თუ არ ვიქნები პირნათელი და მართალი იმ ხალხთან, ვინც მხარი დამიჭირა, ვისაც ხმა არ მოაცემინეს და წაართვეს. არავითარი მეორე ტური და არავითარი პროპორციული სიით ჩემი შესვლა იქ, სადაც ამ ქვეყნის მაცხოვრებელი ადამიანების ხმას არ ექნება ფასი!,– აცხადებს გიორგი ბოტკოველი.