Voulez-vous–პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა
პირბადის რეჟიმში უკვე რამდენიმეთვიანი ცხოვრების ფონზე, ცვლილებები კოსმეტიკურ ინდუსტრიაზეც აისახა. ტუშზე, წარბის ფანქარზე და თვალის ჩრდილებზე გაზრდილ მოთხოვნას აქ მოქმედი კომპანიებიც ხედავენ, ამიტომაც ახალი ხაზის დამატების და ამ მიმართულებით პროდუქციის მეტად გამრავალფეროვნების გადაწყვეტილებაც მიიღეს.
თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც კომპანია Voulez-vous-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო ნოდიამ bmg-სთან საუბარში აღნიშნა, ყველაზე მეტად მოთხოვნა კონკრეტულად მაინც წითელ ტუჩსაცხზე გამოიკვეთა.
“დეკორატიულ კოსმეტიკაზე პანდემიის პერიოდში მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა განსაკუთრებით ითხოვენ წითელ ტუჩსაცხს, გვირეკავენ, გვწერენ და ითხოვენ კონკრეტულ ფილიალებში, კონკრეტული ბრენდის წითელი ტუჩსაცხის დამატებას, რადგან ამოყიდულია. არადა ეს ისეთი პროდუქტია, მისი დეფიციტი არასდროს იქმნება კომპანიაში, მაგრამ ასეთია დღეს რეალობა, ანალოგიური მდგომარეობა იყო 2008 წელს, ომის დროს, როდესაც ქვეყანაში ბომბები ფეთქდებოდა, ადამიანები წითელ ტუჩსაცხს ყიდულობდნენ ფილიალში”, – აღნიშნა ნინო ნოდიამ.
შეგახსენებთ, რომ სილამაზის ინდუსტრიის მიმართულებით საქართველოში, გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ვარცხნილობებზე მოთხოვნა, ხოლო მაკიაჟს სალონში ფაქტობრივად, აღარავინ იკეთებს. რაც შეეხება რიცხვებს, საქართველოში სილამაზის სალონების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ, მათი რიცხვი 4000-მდეა და მათი დიდი ნაწილი დაიხურა ან დროებით შეწყვიტა საქმიანობა.