სოფელ მანავის წყლის სისტემის მოწყობაზე 10 მილიონი დაიხარჯება
საგარეჯოში, სოფელ მანავის წყლის სისტემის მოწყობას 10 მილიონი მოხმარდება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიის ინფორმაციით, კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე. დაგეგმილი პროექტის სავარაუდო ღირებულება კი 10 მილიონ ლარზე მეტია. გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებების მიღება 25 ნოემბერს დასრულდება.
„დღეის მდგომარეობით სოფელ მანავში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოსახლეობა წყალს წყაროებიდან და ჭაბურღილებიდან იღებს.
დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, წყლის სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, რეზერვუარის, კორპუსების შიდა ქსელის მოწყობას და გამრიცხველიანებას.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 25 თვეში უნდა დაასრულოს. რის შემდეგაც 4000-ზე მეტ ადამიანს სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება“,-აცხადებენ კომპანიაში.