ღონისძიებების ორგანიზების სფეროში მოქმედი მეწარმეები სახელმწიფოსგან სესხის თანადსფინანსებას მიიღებენ
ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად და მეწარმეთა ხელშეწყობისთვის, კიდევ ერთი ახალი პროგრამა დამტკიცდა.
მისი მიზანია, ნებისმიერი ტიპის ღონისძიებების ორგანიზების სფეროში მოქმედი მეწარმე სუბიექტების მიერ, კომერციულ ბანკში აღებული სესხების სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და შესაბამისად, შეუმცირდათ მისგან მიღებული შემოსავალი.
“პროგრამის თანახმად, ღონისძიებების ორგანიზების სფეროში მოქმედ კომპანიებს, რომლებზეც სესხის 80% გაცემულია შესაბამისი პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად, სახელმწიფო დაუფინანსებს 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით, სესხის ძირის ნაშთზე, მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხულ პროცენტებს.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, სუბსიდირების სქემის ფარგლებში, მიმართავს კომერციულ ბანკს, რომელიც ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას დადგენილების მოთხოვნებთან და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ უგზავნის განაცხადს”,– ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
მარიამ ოქროცვარიძე