კახეთში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სასტიპენდიო პროგრამა განხორციელდა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სასტიპენდიო პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის ახალგაზრდებს სთავაზობს სტიპენდიებს, რომელიც მიზნად ისახავს მათი შესაძლებლობების გაძლიერებასა და საზოგადოებისთვის პროგრესული ცვლილებების მოტანას.
სალომე სიჭინავა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სასტიპენდიო პროგრამა 2020-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია საქართველოში. პროგრამის ფარგლებში მან შეიმუშავა კვლევა: ,,საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) გავლენა მუნიციპალური სერვისების შემუშავებასა და მიწოდებაზე“. კვლევაში გაანალიზებულია მუნიციპალური სერვისების ხარისხი, მათ შორის მოცემულია ინფორმაცია კახეთის რეგიონში ჩატარებული მოსახლეობის კმაყოფილების კვლევის შესახებ.
პროგრამის ფარგლებში კახეთის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და თემის ლიდერებისთვის ჩატარდა ტრენინგი – მუნიციპალური სერვისების მონიტორინგი და ადვოკატირება – ასევე, კახეთის მასშტაბით განხორციელდა საინფორმაციო კამპანია მუნიციპალურ სერვისებსა და სამოქალაქო მონაწილეობის არსებულ ფორმებსა და შესაძლებლობებზე, შემუშავდა საინფორმაციო ბროშურები და სხვა.
როგორც სალომე ამბობს: ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სასტიპენდიო პროგრამა ძალიან კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის გაიღრმავონ ცოდნა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, შეიძინონ პროფესიული კონტაქტები აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებში და თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაში“.
დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე – www.eapcivilsociety.eu