საიამ კახეთის ორ ოლქში უბნის შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების გადასწორებასთან დაკავშირებით 11 საჩივარი დაწერა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, კენჭის ყრის დღეს, კახეთში შექმნილ ორ მაჟორიტარულ ოლქში 11 საჩივარი დაწერა.
ორგანიზაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული საჩივრები 11 უბანზე შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების გადასწორებას ეხება.
მისი განცხადებით, აღნიშნული საჩივრების განხილვა დღეს მოხდება, რის შემდეგაც გადაწყება დაკმაყოფილდება თუ არა ორგანიზაციის მოთხოვნები.
,,ჩვენს მიერ დაწერილი საჩივრები, რომელიც წარდგენილია ოლქში, ეხება უბნის შემაჯამებელ ოქმებს. აღნიშნული დოკუმენტების უმეტესობაში, რაზედაც საჩივრები დავწერეთ, მონაცემები იყო გადასწორებული და არ ჰქონდათ შესწორების ოქმები. ჩვენმა ორგანიზაციამ თელავის საოლქო კომისიაში წარადგინა 5 და გურჯაანში კი 6 საჩივარი.
მაგალითად თელავის ოლქში, მე-10, მე-18, მე-20 საარცევნო უბნებზე შემაჯამებელ ოქმებს ახლდა შესაბამისი შესწორების ოქმები, თუმცა არ ახლდა ახსნა-განმარტებები თუ რის საფუძველზე მოხდა შესწორების ოქმის შედგენა. ამ შემთხვევაში შესწორება ეხებოდა მაგალითად სხვადასხვა რეკვიზიტებს, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობას, სუბიექტის მიღებული ხმათა რაოდენობის გადასწორებას და სხვა.
რაც შეეხება გურჯაანის ოლქს, მაგალითად 49-ე უბანზე, როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ ოქმში იყო აშკარა გადასწორება. გადაშლილია მთლიანად მონაცემები და არის სხვა ჩაწერილი. ამ ოქმს არ ახლავს არც შესწორების ოქმი და არც ახსნა-განმარტება”,- განუცხადა Knews.ge-ს მარეხ მგალობლიშვილმა.
მარეხ მგალობლიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საოლქო კომისია საჩივრებს არ დააკმაყოფილებს, ისინი გარკვეულ საკითხებზე სასამართლოს მიმართავენ.
,,უმეტესად, სადაც არის ტექნიკური ხარვეზი, ვითხოვთ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას. იქ სადაც გადასწორებულია ოქმი და არ ახლავს ახნა-განმარტება, ვითხოვთ ოქმის ბათილობას და ხმების ხელახალ გადათვლას სიებიდან გამომდინარე.
იმ შემთხვევაში თუ არ დაკმაყოფილდა, ჩვენ ვიმსჯელებთ ამაზე და სამართლებრივ გზას მივმართავთ. რაც შეეხება უბანს, ჩვენ 2 საჩივარი დავწერეთ და ერთი გავასაჩივრეთ საოლქოში, რომელიც არ დაკმაყოფილდა”,- განაცხადა მარეხ მგალობლიშვილმა.