ახალი ამბები

თითოეული საარჩევნო უბანი იქნება ორგანიზებული, – ირაკლი კობახიძე

,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროცესი შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო პროცესი იქნება ორგანიზებული და თავისუფალი და სამართლიანი.

„დღეს ოფიციალურად სრულდება საარჩევნო კამპანია და გვსურს, შევაჯამოთ განვლილი რამდენიმე თვე. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, რომელიც ჩვენს ქვეყანას „ქართულმა ოცნებამ“ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოუტანა.

ამჯერადაც ჩვენი უმთავრესი ამოცანა თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საპარლამენტო არჩევნების უზრუნველყოფა გახლდათ. ყველა ხედავთ, რომ ეს ამოცანა დღემდე წარმატებით შესრულდა.

გასული რამდენიმე თვის მანძილზე, უზრუნველყოფილი იყო კონკურენტული საარჩევნო გარემო. პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა სრულფასოვანი კამპანიის წარმოებისა და ამომრჩევლამდე საკუთარი გზავნილების მიტანის შესაძლებლობა.

მძიმე პროვოკაციების მიუხედავად, ჩვენ, საბოლოოდ, შევძელით მშვიდი და მშვიდობიანი, ინციდენტებისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. მოთმინებისა და თავშეკავებისათვის მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენს წევრსა და მხარდამჭერს. აგრეთვე, ინციდენტებზე მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისათვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ხაზს გავუსვამთ იმ გარემოებას, რომ რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით, „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა მაღალი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე და თითოეული საარჩევნო ღონისძიება პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართა.

საარჩევნო კამპანიის ერთადერთ არსებით უარყოფით მხარედ გამოიკვეთა აგრესია და სიყალბე, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ამ თვეების მანძილზე მისი კუთვნილი პარტიული ტელევიზიების, აგრეთვე სოციალური ქსელების მეშვეობით გამოხატავდა და ავრცელებდა. თუმცა, სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ აგრესია და სიყალბე მაღალი კულტურის მქონე ქართულ საზოგადოებაში ძალზე სუსტი ინსტრუმენტია და მას არჩევნების შედეგზე მხოლოდ მინიმალური გავლენის მოხდენა შეუძლია.

კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ყველას, რომ პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში. პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე. ახლახანს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირებისაკენ. ვაფრთხილებთ ყველას, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი.

მოვუწოდებთ ყველას, ხვალ, არჩევნების დღეს, უზრუნველყონ კენჭისყრის კანონის სრული დაცვით, მშვიდ ვითარებაში წარმართვა, შექმნან სათანადო გარემო ჩვენი მოქალაქეების მიერ საარჩევნო უფლების თავისუფალ გარემოში რეალიზებისათვის. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება და თავშეკავება, რათა არავის მიეცეს საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა.

ჩვენს მოქალაქეებს შევახსენებთ, რომ ხვალ თითოეული საარჩევნო უბანი იქნება ორგანიზებული, როგორც მაქსიმალურად კოვიდ-უსაფრთხო საჯარო სივრცე. შესაბამისად, ამომრჩევლებს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისაკენ.

ხვალ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს.  არჩევნებს მოიგებს ჩვენი პარტიის თითოეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რაც შექმნის მყარ ნიადაგს ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის.“ – განაცხადა პარტიის სახელით ირაკლი კობახიძემ. “