ახალი ამბები

„თავისუფალმა საქართველომ“ დეპუტატობის კანდიდატად მაია წერეთელი ოფიციალურად წარადგინა

„თავისუფალმა საქართველომ“ თელავის, ახმეტისა და ლაგოდეხის ოლქში დეპუტატობის კანდიდატად მაია წერეთელი ოფიციალურად წარადგინა.
როგორც პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა, წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის და პოლიტიკური ტემპერატურა იმატებს.
“წინასაარჩევნოდ, როგორც მოსალოდნელი იყო „ნაციონალურმა მოძრაობამ და „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს მორიგი სანახაობა შესთავაზა, რომელიც მთლიანად ძალადობაზეა აგებული. ასე ხდება, მაშინ, როდესაც პოლიტიკურად გაკოტრებულ ძალებს აღარანაირი რესურსი აღარ გააჩნიათ და საზოგადოების ყურადღების მოპოვებას, მხოლოდ მძაფრი კადრებით ცდილობენ. დავაკვირდეთ, ყოველი არჩევნების წინ ასე ხდება, მაგრამ არ არსებობს არცერთი ფაქტი, როდესაც ვინმემ სათანადო პასუხი აგო კანონის წინაშე“,- განაცხადა კახა კუკავამ.
თელავში შეკრებილ საზოგადოებას „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მაია წერეთელმა მიმართა.
„დღეს საზოგადოება და პოლიტიკოსები სხვადასხვა მხარეს დგანან. ხალხმა მათი ნდობა დაკარგა, პოლიტიკა და პოლიტიკოსები, უკვე სიცრუესთან, ტყუილთან ასოცირდებიან. ეს მოცემულობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან სამი ათეული წლის შემდეგ მივიღეთ, რადგან ზუსტად ეს პერიოდია, რაც ქვეყანას ნეოლიბერალები მართავენ, რომლებსაც, მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ, ეროვნულმა ინტერესებმა კი მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. ოლიგარქები, ფეოდალებად გადაიქცნენ, რომლებმაც საქართველოს რეგიონები გავლენის სფეროებად გადაინაწილეს“, – განაცხადა წერეთელმა.