სოფელ მატანის მოსახლეობა იტალიაში დაკავებული ახალგაზრდას საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის მოსახლეობა 2019 წელს იტალიაში დაკავებული ბორის წიკლაურის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს.
დაკავებულის ოჯახის წევრები და თანასოფლელები მოითხოვენ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება იტალიასთან, რომ არ მოხდეს 42 წლის კაცის რუსეთისთვის გადაცემა. სოფელ მატანში მცხოვრები ნათია მექუდიშვილი აცხადებს, რომ საქმე ეხება 1999 წელს რუსეთში თავდაცვის მიზნით ჩადენილ მკვლელობას.
მისი თქმით, მაშინ რუსეთის პირველი ინსტანციის სასამართლომ ბორის წიკლაური გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ 2000-წლიდან, ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, მასზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.
ნათია მექუდიშვილის განმარტებით, 2019 წელს წიკლაური საქართველოდან იტალიაში გაეემგზავრა, თუმცა ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს და სამართალდამცველებმა ის აეროპორტში დააკავეს.
,,ბორის წიკლაური საქართველოს მოქალაქეა რომელმაც 1999 წელს ჩაიდინა დანაშაული თავდაცვის მიზნით და გაამართლა სასამართლოს პირველმა ინსტანციამ. მეორე ინსტანციის სასამართლო გაიმართა პირველი გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. წიკლაური მაშინ რუსეთში უკვე აღარ იყო, რადგან ემუქრებოდნენ და საქართველოში წამოვიდა.
ის 2000 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში და დედამისის გამო ბაქოში მოუწია წასვლა. იმის გამო, რომ ძებნილი იყო, ბაქოში დააკავეს, მაგრამ მისი ექსტრადირება რუსეთში არ მოხდა და საქართველოში გამოაგზავნეს. აღსანიშნავია, რომ თავიდან საქმე მიდიოდა თავდაცვის მიზნით ჩადენილი დანაშაულის მუხლით, შემდეგ კი, 2015 წელს გადააკვალიფიცირეს, განზრახ მკვლელობით დაიწყეს ძებნა და 15 წლის შედეგ დაამატეს საქმეს ახალი დოკუმენტები.
მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა. 2019 წელს წავიდა იტალიაში სამუშაოდ და აეროპორტშივე დააკავეს. იტალიის ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, ასევე არ ყავთ თარჯიმანი და ამაში საელჩო არ ჩაერია. ჩვენ რომ დავიწყეთ ამ ამბის გავრცელება, საელჩოდან მხოლოდ მაშინ მივიდნენ პატიმრის სანახავად’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნათია მექუდიშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად წიკლაურის ოჯახის წევრების მიმართვისა, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტრომ და პროკურატურამ საქმეში ჩარევა არ ისურვა. მისი ინფორმაციით, იტალიიდან წიკლაურის ექსტრადირება რუსეთში იგეგმება, საქართველო კი ამ საკითხზე რეაგირებას არ ახდენს.
,,საქართველო არაფერში ერევა და არც არანაირი დოკუმენტი გაუგზავნიათ იტალიისთვის, რომ ის საქართველოს მოქალაქეა. ჩვენ დავუკავშირდით საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს, ასევე პროკურატურას და არცერთმა მათგანმა არ ისურვა საქმეში ჩარევა. არადა შეუძლიათ რუსეთს დაუკავშირდნენ, მოითხოვონ თავისი მოქალაქის ექსტრადირება და განსჯადობა მოხდება აქ, მაგრამ საქართველო არ აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან და ჩაურევლობით ფაქტობრივად ჩუქნის სხვა ქვეყანას მოქალაქეს’’,- განაცხადა ნათია მექუდიშვილმა.