ლაგოდეხში ორ მცირეწლოვანს კორონავირუსი დაუდგინდა
კახეთში კორონა ვირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ორ მცირეწლოვანს დაუდასტურდა, რომლებიც ინფიცირებული პირის კონტაქტები არიან.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
,, ბავშვები უკვე დაფიქსირებული შემთხვევის კონტაქტები არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მალე ორივე მათგანს სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ. ლაგოდეხში უკვე ჩამოყალიბდა სამი კლასტერი და სამივე აჭარას უკავშირდება”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში ექვსი კლასტერია ჩამოყალიბებული და კორონა ვირუსის 34 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
ვირუსის პრევენციისათვის სამედიცინო კარვები დგას ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში.
კარვებში ადგილობრივი მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, ხოლო ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში ჩატარდება ტესტირება.