ახალი ამბები

პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმა დააკავეს

სამართალდამცავებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში მოკლული, ვისური მუთოშვილის ძმა დააკავეს.

შმაგი მუთოშვილს გამოძიება ორი დანაშაულის ჩადენას ედავება.

გამოძიების ვერსიით, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა, რაც მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვაში გამოიხატა.

ამის გარდა, გამოძიება მუთოშვილს, სისხლის სამართლის კოდექსის 236- ე მუხლით გათვალისწინებული, იარაღის უკანონო ტარებაშიც სდებს ბრალს.

მურად ქავთარაშვილის სახლი, 2020 წლის 29 ივლისის ღამეს დაცხრილეს. სროლის დროს, სახლში, თავად ქავთარაშვილი და მისი მშობლები იმყოფებოდნენ.

მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

შმაგი მუთოშვილის ძმა, 37 წლის ვისური მუთოშვილი გვარებს შორის სისხლიანი შეტაკების დროს, სოფელ საკობიანოსთან, 2019 წლის 27 ნოემბერს დაიღუპა.

მომხდარ ფაქტზე, არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს.

თელავის რაიონულმა სასამართლომ, არბი ქავთარაშვილს 11, რამაზ ხანგოშვილს კი, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.