ახალი ამბებისტატიები

პანკისის სათემო რადიო არ აპირებს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას

,,პანკისის სათემო რადიოს” დამფუძნებელი გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარისა და პანკისის ხეობიდან რადიოს გაძევების მოთხოვნისა, რადიო არ შეცვლის სარედაქციო პოლიტიკას და გააგრძელებს მოვლენების კრიტიკულად და ობიექტურად გაშუქებას.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღეა რადიოს და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ პანკისის ხეობაში გარკვეული ჯგუფების მიერ აქციები იმართება, რომელიც მათი ინფორმაციით, ორგანიზებულია როდის სკოტის ფონდისა და რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მიერ, სალაფიტური თემის ზოგიერთი ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით.

სათემო რადიოში განმარტავენ, რომ  რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პანკისის სათემო რადიოს დახურვას ითხოვენ. აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ პროტესტის მიზეზი არის ის, რომ  რადიო  არაობიექტურად აშუქებს 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმეს, ამასთან მიუღებლად მიიჩნევენ  ხეობაში  ჰესების მშენებლობის თაობაზე ორ გვარს შორის დაწყებული დავის გაშუქებას.

მათივე განცხადებით, სათემო რადიო პატივს არ სცემს ქისტების წესებს და აქტიური გაშუქებით ხელი შეუწყო სამი ახალგაზრდის დაკავებას, რომლებმაც ქუჩაში შორტებით გასვლის გამო მამა-შვილს სცემეს და მამას ხელი მოტეხეს. რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პანკისის სათემო რადიოს მუშაობის შეწყვეტის კიდევ ერთ მიზეზად, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების მათთვის მიღებელი ფორმით გაშუქებას ასახელებენ.

მათ მიაჩნიათ, რომ პანკისის სათემო რადიომ თავისი არაერთი რეპორტაჟით და ადგილობრივ მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის, 2019 წლის 21 აპრილს მომხდარი შეტაკების პირდაპირ ეთერში გაშუქებით, ინვესტორის, კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრის ლაშა იორდანიშვილის მიმართ უნდობლობა და წინააღმდეგობა გააღრმავა და რადგან იორდანიშვილს პანკისის ხეობაში მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა და ის ხეობიდან გააძევეს, პანკისი, სათემო რადიომაც უნდა დატოვოს.

„ეგ მთივლიშვილი, აქედან გასაგდებია. აქ ხალხი მაგის გამო წუხს, რომ მაგაზე არავინ არაფერს ამბობს. აქ ხალხია, ვინც მის რაღაცებს (რადიოს ტექნიკა, ინვენტარი) გამოყრის გარეთ. ახალგაზრდები ამბობენ, დღესვე მათ რაღაცებს გარეთ გამოვყრითო. მას დრო უნდა მივცეთ, მაგალითად 5 დღე ან ერთი კვირა. ამ დროის მერე შევიკრიბებით, ან თავისით წავა, ან იძულებით გავუშვებთ. უმეტესი ხალხი აქ, ამის გამო მოვიდა“, – განაცხადა აქციის მონაწილე თამაზ მარგოშვილმა.

აქციის მონაწილეების მიერ, მუქარის შემცველი განცხადებების ამსახველი ვიდეო პანკისის სათემო რადიომ გაავრცელა და ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებშიც განთავსდა.

რადიოს დამფუძნებელი, გელა მთივლიშვილი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს პანკისის სათემო რადიოს და მისი თანამშრომლების უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

,,მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, უფლებადაცვით და მედია ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ პანკისის სათემო რადიოს ირგვლივ განვითარებულ სახიფათო მოვლენებსა და წინასაარჩევნოდ, თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ შეტევაზე’’,– აცხადებს გელა მთივლიშვილი.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარისა და პანკისის ხეობიდან რადიოს გაძევების მოთხოვნისა, რადიო არ შეცვლის სარედაქციო პოლიტიკას და გააგრძელებს მოვლენების კრიტიკულად და ობიექტურად გაშუქებას.

,,გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მუქარის შემცველ განცხადებებზე, რომელიც მოიცავდა რადიოს დარბევის მუქარას და ასევე ჩემს პერსონალურად იძულებას , რომ პანკისის ხეობაში მუშაობის საშუალებას აღარ მომცემენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება და ეს ობიექტურად ჩატარდეს. ამისთვის მივმართავთ ყველა კანონიერ გზას.

ასევე მაქსიმალურად ვცდილობთ რადიომ მუშაობა გააგრძელოს და დღეს გავედით ეთერში სტუდიიდან. ჯერ–ჯერობით საველე გასვლებზე ვამბობთ უარს მოსალოდნელი თავდასხმის შიშით. მე დროებით თავს ვიკავებ პანკისის ხეობაში ჩასვლისგან. რადიო არ აპირებს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და იმიტომ, რომ მიგვაჩნია რომ გვაქვს ობიექტურობაზე დაფუძნებული პროფესიული სტანდარტების ერთგულება და ვერავის მოთხოვნის გამო პროფესიულ სტანდარტებს ვერ ვუღალატებთ.

თუ ვინმეს მიაჩნია, რომ სტანდარტებს არ ვიცავთ, არის ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, რომლის წევრიც ვარ, მაგრამ თუ ჩვენს საკითხზე იქნება ნებისმიერი განცხადების განხილვა, მე აცილებას მივცემ. ამავე დროს თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ცილს ვწამებთ რაიმე კონკრეტულ შემთხვევაში, ეს არის სასამართლოს განხილვის საგანი და შეუძლიათ მიმართონ.

გარდა ამისა, კოალიციამ ,,მედიის ადვკატრებისთვის’’ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და უწყებამ არ დაიწყო გამოძიება. მე 4 სექტემბერს მივმართე გენერალურ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება. რა რეაგირება მოხდება ჩემს განცხადებაზე ჯერ არ ვიცი. შემოხმიანება ამ ეტაპზე არ ყოფილა გარდა იმისა, რომ წერილი რეგისტრაციაში გაატარეს’’,– განუცხადა Knews.ge-ს გელა მთივლიშვილმა.

რადიოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება.

„პანკისის რადიოს“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დანაშაულის ნიშნებს მოიცავს. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „პანკისის რადიოს“ დარბევის მუქარაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოვითხოვთ. 2020 წლის 1 სექტემბერს გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელშიც დაფიქსირებულია როგორ ემუქრებიან პანკისის სათემო რადიოს სტუდიის დარბევითა და მოითხოვენ მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისაგან მოითხოვენ პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე უარი თქვას.

მიგვაჩნია, რომ გავრცელებულ მასალაში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების, მათ შორის, კოდექსის 154ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნები. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მიუღებლად მივიჩნევთ მედიის შევიწროვების ყველა გამოვლინებას და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად აღკვეთონ „პანკისის რადიოს“ გუნდის მიმართ არსებული ყველა რისკი’’,– აცხადებენ ორგანიზაციაში.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ გაავრცელა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, ორგანიზაცია საგანგაშოდ მიიჩნევს პანკისის ,,სათემო რადიოს” და მისი დამფუძნებლის გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიასა და მუქარის შემცველ განცხადებებს.

მისი თქმით, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება და უზრუნველყოს მედიის საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

,,5 სექტემბერს პანკისის სათემო რადიომ სპეციალური განცხადება გაავრცელა კერძოდ, მუქარის გამო, მოსალოდნელი თავდასხმის/ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, პანკისის სათემო რადიოს ხელმძღვანელობამ გააუქმა ხეობაში, ჟურნალისტური საქმიანობისა და ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად დაგეგმილი ღონისძიებები და მივლინებები.

მედიის მიერ ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა განპირობებულია ბოლო პერიოდში ,,სათემო რადიოს” და მისი დამფუძნებლის, გელა მთივლიშვილის, წინააღმდეგ გაკეთებული საჯარო მუქარითა და ორგანიზებული საპროტესტო აქციებით. პანკისის ,,სათემო რადიოს” ინფორმაციით, 5 სექტემბერს პანკისის ხეობაში ,,სათემო რადიოს” და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ მორიგი აქციის გამართვა იგეგმება, რომელიც რადიკალურად განწყობილი ჯგუფის, ადგილობრივი ხელისუფლების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით განხორციელდება. ეს არ არის ,,სათემო რადიოს” წინააღმდეგ აქციის მოწყობის პირველი შემთხვევა.

1 სექტემბერს ჩატარებულ აქციაზე რადიოს დარბევის და გელა მთივლიშვილის პანკისიდან გაძევების მუქარა ისმოდა, თუმცა, სამართალდამცველების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა. შსს-ს განცხადებით თავად გელა მთივლიშვილმაც მიმართა. პანკისის ,,სათემო რადიო” ერთ-ერთი წამყვანი მედია საშუალებაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხეობაში მიმდინარე პროცესების შესახებ ობიექტურ და მიუკერძოებელ გაშუქებაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს ხელისუფლებას, საჯაროდ დაგმოს პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, დროულად მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება მუქარასა და მედიის საქმიანობაში უკანონო ჩარევასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა’’,– ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტო: პანკისის სათემო რადიო