ახალი ამბები

ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები აირჩია

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები აირჩია.

ცესკოს ინფორმაციით, ღია და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა დროებითი წევრების არჩევის პროცესი, რომელსაც აკვირდებოდა რვა სამოქალაქო ორგანიზაცია და ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

,, დამკვირვებლები, ცესკოს სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევას ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში ადევნებდნენ თვალს“, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცესკოს ინფორმაციითვე, პირველ სექტემბერს, არჩევნების დანიშვნისთანავე, კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით გამოაცხადა ორდღიანი კონკურსი და შესაბამისი განკარგულება დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა ცესკოს ვებგვერდზე.

73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სულ 172 განაცხადი შემოვიდა. 17 საოლქო საარჩევნო კომისიაში მხოლოდ თითო კანდიდატი დარეგისტრირდა, 28 კომისიაში ორ-ორი, 14 კომისიაში სამ-სამი, 13 კომისიაში ოთხ-ოთხი და მხოლოდ ერთ კომისიაში – ხუთი კანდიდატი.

სულ, დროებითი წევრების შესარჩევ კონკურსში 110 ქალი და 62 კაცი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც არჩეულ იქნა 43 ქალი და 29 კაცი.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების დანიშვნის შემდეგ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ დროებით წევრს შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით; ხოლო დანარჩენ 6 წევრს კომისიის 12 წევრამდე შესავსებად, საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი პარტიები ნიშნავენ“, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.