მომავალი წლიდან თელავის ჭაჭის ფესტივალის მასშტაბი გაიზრდება
საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარების, ბიზნეს სექტორის ჩართულობის გაზრდისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქპატენტი და საქართველოს კულტურის პალატა ერთობლივი პროექტების განხორციელებას იწყებენ.
საქპატენტის ინფორმაციით, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, ითვალისწინებს ბიზნეს სექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებში, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებისაკენ და პოპულარიზაციისაკენ მიმართული ერთობლივი ღონისძიებების, გამოფენების, ფესტივალების, ტრენინგების, სამეცნიერო კონფერენციების დაგეგმვასა და განხორციელებას.
მათივე ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ფესტივალის მასშტაბის გაზრდა, საქართველოს სხვა რეგიონების ჩართვა, ასევე, მსგავსი აქტივობების ორგანიზება სხვა გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე.
,,საქართველოს კულტურის პალატა 2018 წლიდან ორგანიზებას უწევს გეოგრაფიულ აღნიშვნად დაცული პროდუქტის „ჭაჭის“ ფესტივალს, რომელიც ყოველწლიურად თელავში იმართება. სწორედ მისი მასშტაბის გაზრდა იგეგმება.
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრში დღესდღეობით ჭაჭის გარდა კიდევ 51 პროდუქტია რეგისტრირებული. სხვადასხვა ღვინოსა და ყველთან ერთად გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი აქვს მინიჭებული ჩურჩხელას, მაწონს“, – აცხადებენ საქპატენტში.