IT-დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების დეკლარაციებში დარღვევები გამოვლინდა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეისწავლა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა დეკლარაციები.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ კვლევამ მოიცვა მერიისა და საკრებულოს 26 თანამდებობის პირის დეკლარაცია, საიდანაც 18-ში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა. კვლევაში მოცემულია რამდენიმე საწარმო, რომელიც დეკლარირებული არ არის.
ნუგზარ პაპიაშვილი–დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
მას დეკლარირებული აქვს მის სახელზე გაფორმებული დაახლოებით 198 ჰა სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა, თუმცა მისი დანაწილება დეკლარაციაში არ შეესაბამება უძრავი ქონების რეესტრში მოცემულ ინფორმაციას. პაპიაშვილს დეკლარაციაში არ მიუთითებია 3348 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 188 კვ/მ. ასევე, დეკლარირებული არ აქვს თბილისში, მოსაშვილის ქუჩა N1-ში არსებული 4 კვ/მ სარდაფი და არაზუსტად აქვს დეკლარირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 199,998 კვ.მ მიწა, საიდანაც მხოლოდ 56,000 კვ.მ არის მითითებული. ნუგზარ პაპიაშვილის მიერ 2019 წლის 1 აგვისტოს დეკლარირებული წინა წლის შემოსავალი 5224 ლარით აღემატება გასავალს. ასევე საინტერესო ფაქტია, რომ დაახლოებით 198 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწიდან აღებული პროდუქციის რეალიზაციის ჯამურმა შემოსავალმა 2018 წელს მხოლოდ 5500 ლარი შეადგინა. ნუგზარ პაპიაშვილი არის შსს-ს კახეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსისა და თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ცოლის ძმა.
გოჩა სამუკაშვილი– დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
გოჩა სამუკაშვილს დეკლარირებული არ აქვს კოოპერატივი “მერანი-2008”, რომლის დამფუძნებელი და დირექტორია დღემდე. არ აქვს დეკლარირებული მისი მეუღლის, თეა გიგოლაშვილის სახელზე რეგისტრირებული 12,000 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ს/კ: 52.31.31.033). თეა გიგოლაშვილი არის კოოპერატივ რკ “აგრობაზისი-2019”-ის (ს/კ 228546543) დირექტორი და გამგეობის თავმჯდომარე, რაც ასევე არ ასახა თავის დეკლარაციაში მისმა მეუღლემ.
დავით ფხოველიშვილი– დედოფლისწყაროს მერის პირველი მოადგილე
დავით ფხოველიშვილის მეუღლემ, ნუცა ალუღიშვილმა, 2019 წლის 10 სექტემბერს დააფუძნა შპს “მშენებლობა და არქიტექტურა”, რაც დავით ფხოველიშვილმა არ მიუთითა 2019 წლის 23 ოქტომბერს წარდგენილ
დეკლარაციაში.
მარინა შეითნიშვილი– დედოფლისწყაროს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
მარინა შეითნიშვილმა 2019 წლის 18 სექტემბერს წარდგენილ დეკლარაციაში მიუთითა დედოფლისწყაროში, ჰერეთის 51-ში N16 და N17 ბინები, რომელთა ფართია, შესაბამისად, 20 და 35 კვ.მ. თუმცა ეს არ შეესაბამება უძრავი ქონების რეესტრის მონაცემებს. რეესტრის მიხედვით, მას ამ მისამართზე საკუთრებაში აქვს ბინა N18, 27.90 კვ/მ. შესაბამისად, თანამდებობის პირმა დეკლარაცია არასწორად შეავსო.
ნოდარ პაპუაშვილი– დედოფლისწყაროს მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი
ნოდარ პაპუაშვილმა დეკლარაციაში არ მიუთითა მასთან ერთად მუდმივად მცხოვრები 2 პირი, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მის მისამართზე: 1963 წელს დაბადებული იროდი პაპუაშვილი და 1993 წელს დაბადებული გიორგი პაპუაშვილი. ნოდარ პაპუაშვილი დღემდე იკავებს შპს “ტიბაანის მარანი”-ს დირექტორის პოზიციას და ამ ინფორმაციასაც არ აქვეყნებს დეკლარაციაში.
ელენე ბაიაშვილი– დედოფლისწყაროს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
ელენე ბაიაშვილის მეუღლე, ნოდარ გომელაური, ფლობს 1990 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას (თანამესაკუთრე – ნაირა გომელაური) სოფელ წითელწყაროში, თუმცა ეს ფაქტი ელენე ბაიაშვილის დეკლარაციაში არ ჩანს.
იხილეთ ვრცლად კვლევის შედეგები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში მომუშავე სხვა თანამდებობის პირების დეკლარაციებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ: