„შატო მუკუზანმა“ საწარმო გააფართოვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში მოქმედმა „შატო მუკუზანმა“ საწარმო გააფართოვა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ,,მუკუზანი” ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა, რომელიც საფერავის ჯიშის ყურძნისგან იწარმოება. მათივე თქმით, ღვინო „მუკუზანის“ წარმოება საქართველოში მე-19 საუკუნიდან დაიწყო, იგი ძველდება მუხის კასრში, სულ ცოტა 3 წლით.
„შატო მუკუზანი“ მუკუზანის მიკროზონაში მდებარე კომპანიაა, რომელიც ძირითადად სწორედ ამ ცნობილ ქართულ ღვინოს აწარმოებს, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მათი ღვინოების ჩამონათვალში სხვა ცნობილი ქართული ღვინოებიც შედის: რქაწითელი, საფერავი და ქინძმარაული.
,,კომპანია ბაზარზე უკვე 5 წელია არსებობს, წელიწადში საშუალოდ, 2-დან 3 ათას ტონამდე ღვინოს აწარმოებენ. წელს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, საწარმოს განახლება გადავწყვიტეთ. თიბისის მხარდაჭერით ღვინის წარმოებისთვის საჭირო ახალი დანადგარები შევიძინეთ, რომელიც წარმოების გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს.
საკუთარი ვენახები ქარხნის ირგვლივ გვაქვს გაშენებული, თუმცა სრული წარმადობისთვის აქ მოწეული საფერავი საკმარისი არაა, ამიტომ ყურძენს გლეხებისგანაც ვყიდულობთ. წელს გვაქვს მოლოდინი, რომ კარგი რთველი იქნება,“ – ამბობს „შატო მუკუზანის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი გიორგი მიტიჩაშვილი.
კომპანია ღვინოს ჯერჯერობით მხოლოდ ქართულ ბაზარზე ყიდის, უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბაზარზე გასვლას აპირებენ.