ახალი ამბები

სიღნაღში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტი სოფლების – ტიბაანის, ანაგის, ბოდბისხევის, ქვემო ბოდბის, საქობოს, ვაქირის, ჯუგაანისა და ქვემო მაღაროს უწყვეტ წყალმომარაგებას ითვალისწინებს. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზა” უახლოეს დღეებში დაიწყებს.

,,ჩვენმა კონტრაქტორმა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 26 თვეში უნდა დაასრულოს. სოფლების წყლის სისტემის მოწყობისთვის საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 27 მილიონი ლარია გათვალისიწინებული.

სამუშაოების ფარგლებში უნდა შესრულდეს სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელის და ჭაბურღილების მოწყობა. ასევე აშენდება ახალი რეზერვუარები და საქლორატორო. შედეგად კი, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა, რომელიც ათეული წლებია გრაფიკით და საუბნო ჭებით სარგებლობს, პირველად, ოცდაოთხსაათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი,“ – აცხადებენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.