უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით კახეთში მუშაობა ოცდათვრამეტმა სასტუმრომ განაახლა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ინფორმაციით, შემოწმების შედეგად კახეთში 38 სასტუმროს მიეცა მუშაობის განახლების შესაძლებლობა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, თელავში 16, გურჯაანში 5, ყვარელში 4, ახმეტაში 3, საგარეჯოში 1, სიღნაღში 1 და ლაგოდეხში 8 სასტუმრო ამოქმედდა, რომლებმაც პანდემიიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს და შესაბამისი შემოწმებაც გაიარეს.
,,ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროების ონლაინ-რუკა შექმნა, რომლებმაც უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით მუშაობა განაახლეს.
აუცილებელი რეკომენდაციების დაცვის პირობებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის სტანდარტებისა და საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით ანახლებს შიდა და საერთაშორისო ტურიზმს. შექმნილია შესაბამისი რეკომენდაციები და პროტოკოლები მთლიანი ტურისტული ინდუსტრიისათვის (სასტუმროები, რესტორები, ტრანსპორტი, ტურისტული კომპანიები და გიდები). ეს სტანდარტები ემსახურება, როგორც უცხოელი ვიზიტორების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას”,- აღნიშნავენ უწყებაში.
კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ყველა სასტუმრო მარტის შუა რიცხებში დაიკეტა. ეს მოხდა იქამდე, ვიდრე ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის შესახებ გამოაცხადა.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით მთავრობამ 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობის გაუქმება გადაწყვიტა. სასტუმროებმა კი 8 ივნისიდან მუშაობის განახლების ნებართვა მიიღეს. ამისათვის მათ ესაჭიროებათ ჯანდაცვის სამინისტროში მისვლა და სპეციალური შემოწმების გავლა.