თვითდასაქმებულები, რომლებმაც დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს, სამასლარიან დახმარებას მიიღებენ
ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას სამასლარიანი დახმარებისთვის მიმართა, მათ შორის ისინი, ვინც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, დახმარებას მიიღებებენ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ყველა თვითდასაქმებულს, ვისაც პანდემიის გამო პრობლემები შეექმნა, დახმარება სექტემბრამდე ჩაერიცხება.
პრემიერის განმარტებით, აღნიშნულით თვითდასაქმებულების დახმარების პროგრამა სრულდება.
„სანამ დავიწყებდეთ მოქალაქეების კრიზისში დახმარების სოციალური პროგრამის მესამე ეტაპს, მინდა გარდამავალი კომპონენტი დღესვე დავხუროთ და ეს პროგრამა დავასრულოთ. ეს გახლავთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერა. პროგრამა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და მთავრობას საქართველოს 250 000-მა მოქალაქემ მომართა.
თხოვნით ერთჯერად სამასლარიან დახმარებასთან დაკავშირებით. ეს დახმარება 170 000-მა მოქალაქემ მიიღო, ვისაც სრულად ჰქონდა დოკუმენტაცია შევსებული, თუმცა სანამ შემდეგ ეტაპზე გადავალთ, გადავწყვიტეთ იმ დარჩენილ 80 000 მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით, თხოვნა დაუკმაყოფილდეს და დაერიცხოს ერთჯერადი 300 ლარი. ამით ეს პროგრამა დასრულდება“, – განაცხადა გახარიამ.