ახალი ამბები

თელავის აგრარული ბაზარი დაიკეტა

თელავის აგრარული ბაზარი დაიკეტა. დღეს, დილით სამსახურში მისულ მოვაჭრეებს ობიექტი დაკეტილი დახვდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ბაზრის დაკეტვის გადაწყვეტილება გუშინ, საღამოს, მიიღო.

ბაზრის დირექტორის, მერაბ თურქოშვილის განცხადებით, ხელახალი შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ თერმოსკრინინგი არ ტარდებოდა.

,,საღამოს შემოვიდნენ და დაგვაჯარიმეს იმის გამო, რომ თერმოსკრინინგი არ ტარდებოდა. ჯერ ჯარიმის რაოდენობა არ ვიცით და არც ის, როდის გავხსნით ობიექტს” – განაცხადა თურქოშვილმა.

ბაზრის დაკეტვამ მოვაჭრეების უკმაყოფილება გამოიწვია.

ისინი ბაზრის შესასვლელში შეიკრიბნენ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა მოითხოვეს.

,,ყველას ბანკის ვალი გვაქვს, ტერიტორიაზე მალფუჭებადი პროდუქტია შეტანილი და რას ვიზამთ არ ვიცით”,-განაცხადა ერთ- ერთმა მოვაჭრემ.

ბაზრის ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებთან შესახვედრად კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი მივიდა.

ამ წუთებში ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ბაზრის გახსნის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს.