ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის აღწერას იწყებს

პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის აღწერას იწყებს.

,,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, თანაგუნდელებთან ერთად ყველა დაზიანებული სახლის და ნაკვეთის აღწერას გეგმავს და ისნი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაზარალებული ოჯახებისათვის სრულ ფინანსურ კომპენსაციას გასცემენ.

,,ხელისუფლებამ თავისი განცხადებით დაადასტურა, რომ ისინი მოსახლეობისათვის კომპენსაციის გაცემას არ აპირებენ. ჩვენ დავიწყეთ აღწერა. ყველა ვენახსა და ნაკვეთში შევალთ და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ყველა ოჯახს მივცემთ ფინანსურ კომპენსაციას”,–განაცხადა ბოტკოველმა.

მანამდე კახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც სტიქიის შედეგად დაზიანებული 200- ზე მეტი სახლის სახურავის სრული ან ნაწილობრივი შეცვლა მოხდება.

გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილისა და კახეთის გუბერნატორის შეხვედრაზე მიიღეს, სადაც გაცხადდა, რომ მთავრობა, სტიქიით დაზარალებულებისათვის თანხას გამოყოფს.