სოფელ აწყურის მოსახლეობა საძოვრების პრობლემის მოგვარებას ითხოვს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მოსახლეობა საძოვრების პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით, სოფლის საძოვრები ისე გასხვისდა, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არავინ მიაწოდა.
სოფელში მცხოვრებლების თქმით, მათი ერთადერთი საქმიანობა მეცხოველეობაა და საძოვრის გასხვისება მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებთ. აღნიშული მოთხოვნით გასულ კვირას მოსახლეობამ აქციაც გამართა და გზა გადაკეტა, რითიც სოფელ აწყურში აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი მიწის პრივატიზების პროცესი გააპროტესტა.
მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად აღნიშნული მიწის ნაკვეთის პრივატიზება რამდენიმე დღის წინ მოხდა. მოსახლეობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას სთხოვს.
,,აუქციონზე გაიყიდა თეთრი გიორგის მონასტრის მიმდებარედ 23 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი მიწა, რომელიც ერთადერთ საძოვარს წარმოადგენდა ჩვენთვის. ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას და დახმარებას ვთხოვთ. საძოვარი აღარ დაგვრჩა, იძულებული გავხდებით პირუტყვი გავყიდოთ, ეს კი ჩვენთვის შემოსავლის წყაროა’’,– განაცხადეს ადგილობრივებმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელი შაქრო ტერტერაშვილი აცხადებს, რომ საძოვრების პრობლემა მეტნაკლებად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს აქვს.
შაქრო ტერტერაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ სოფელ აწყურის მოსახლეობა საძოვრის გარეშე დატოვა. მისი განმარტებით, ხელისუფლება მშენებლობისთვის არა საძოვრებს, არამედ გამოუყენებელ სხვა მიწებს უნდა ასხვისებდეს.
,,თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გაქვს მთის საძოვარი მთა-თუშეთში, ასევე კასრისწყალში ზამთრის საძოვარი, დანარჩენ სხვა სოფლებში ყველგან არის საძოვარების პრობლემა. ხელისუფლებას კი არ აინტერესებს მიწა ვის სჭირდება ან რაში გამოიყენება და თუ დასჭირდა ვენახის ან ბაღის გაშენება, გააკეთებს ამას დაფიქრების გარეშე. მშენებლობის წინააღმდეგი არავინაა , რადგან განვითარება მხოლოდ ასე შეიძლება. გვაქვს მიწები რომელსაც ვერ ვიყენებთ, მაგრამ არის მიწები, რომელსაც სოფლი იყენებს საძოვრად და ეს ერთადერთი საშუალებაა მათ თავი ირჩინონ.ამ დროს ხელისუფლება აქცენტს უნდა აკეთებდეს იმ მიწებზე რომელსაც ვერ ვიყენებთ. სოფელ აწყურში საძოვარი გაყიდეს. ეს სოფლისთვის მნიშვნელოვანი მიწები იყო და ჩვენ მივმართეთ თვითმმართველობას, რომ სასოფლო– სამეურნეო მიზნისთვის გამოუყენებელი მიწები გაესხვისებინათ რასაც არ მიაქციეს ყურადღება.მიუხედავად მოსახლეობის მოთხოვნისა გასხვისების გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული და ეს ადგილობრივი თვითმართველობის და დეპუტატის თანხმობის გარეშე ვერ მოხერხდებოდა. გამოუყენებელი მიწები რომ აეთვისებინათ სადაც რამეს გააკეთებენ ჩვენ ტაშსაც დავუკრავთ. მაგრამ ეს არ ხდება’’,– განუცხადა Knews.ge-ს შაქრო ტერტერაშვილმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნულ საკითხზე აცხადებენ, რომ სოფელ აწყურში მდებარე მითითებული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და სწორედ აღნიშნულმა უწყებამ გამოაცხადა აუქციონი მის გასხვისებაზე.
უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ აწყურის მოსახლეობას საძოვარი აქვს და პირუტყვის ძოვების პრობლემა არ შეექმნებათ