თელავში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ავტობუსები იმოძრავებენ
თელავში ახალი ავტობუსების შემოყვანა ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება.
მუნიციპლიტეტის მერის პირველი მოადგილის, დავით ბეგიაშვილის თქმით, თელავს 10 ახალი ავტობუსი ეყოლება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
მისივე განცხადებით, ავტობუსები ასევე შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება.
,,ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავტოსადგომის მშენებლობა, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. რაც შეეხება ავტობუსებს, ახლა უნდა გადმოგვეცეს 10 ავტობუსი რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. თითოში 4 შშმ პირისთვის ადაპტირებული სავარძლები იქნება”,– განუცხადა knews.ge-ს დავით ბეგიაშვილმა.
მუნიციპალიტეტებისთვის ავტობუსები ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში შეიძინა.
„პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შერჩეულ 6 ქალაქში საჯარო ტრანსპორტის განვითარებისთვის. ეს საშუალებას მისცემს ამ ქალაქების მოსახლეობას, რომ ისარგებლონ თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით“, – განაცხადეს სამინისტროში.
პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.