კორონავირუსით ინფიცირებული დედოფლისწყაროში მცხოვრები მძღოლი გამოჯანმრთელდა
კორონავირუსით ინფიცირებული დედოფლისწყაროში მცხოვრები სატვირთო ავტომობილის მძღოლი, გამოჯანმრთელდა.
როგორც დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მარიეტა გონაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პირი ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება და სახლში ზეგ დაბრუნდება.
,,სატვირთოს მძღოლი გამოჯანმრთელდა და დაბრუნდება დედოფლისწყაროში. მას ტესტის ბოლო ორი პასუხი ჰქონდა უარყოფითი. საშუალო სიმძიმის პაციენტი იყო, დაავადება უკვე გადალახა და შეუძლია ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდეს”,– განაცხადა მარიეტა გონაშვილმა.
ვირუსი არ დაუდასტურდათ მძღოლის ოჯახის წევრებსაც, რომლებიც შემთხვევის გამოვლენიდან ორი კვირის ვადაში, საკარანტინე ზონაში იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, დედოფლისწყაროში მცხოვრებ საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს, ახალი კორონა ვირუსი, 30 მაისს დაუდასტურდა.
მძღოლი საქართველოში 22 მაისს დაბრუნდა. მამაკაცის ინფიცირების წყარო გახდა მისივე მგზავრი, რომელსაც, ვირუსი, საქართველოში შემოსვლიდან ორ დღეში დაუდგინდა.
სატვირთო ავტომანქანის მძღოლს, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, თითქმის ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ.
როგოც Knews.ge-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
,,კახეთში თვითიზოლაციაში არავინ არ იმყოფება რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 3 ლოკაციაზე იმყოფება 87 მოქალაქე. მიმდინარეობს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება. კახეთის რეგიონში თვის განმავლობაში დაგეგმილია 8000-დან 9000-მდე ტესტირების ჩატარება.
რაც შეეხება სოფელ ყარაჯალის 2 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებს, ყველა კონტაქტის საბოლოო ტესტირების შედეგი უარყოფითია.
3 ივლისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 241 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 6742 ნიმუში, აქედან 2602 მედპერსონალია, 1976 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი – 270, ტრაილერის მძღოლი 36, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი 78”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.