თელავში ორი საბავშვო ბაღი ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღიჭურვება
თელავის მუნიციპალიტეტის იყალთოს და თელავის #1 საბავშვო ბაღები თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღიჭურვება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში მოხდება ბაღების სრული თერმო-მოდერნიზაცია და აღჭურვა განახლებადი ენერგიის გამოყენებით.
მისივე თქმით, პროექტი ინოვაციურია რადგან, მის ფარგლებში დაინერგება სხვადასხვას ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და საბავშვო ბაღების გათბობა ბიომასით, კერძოდ კი ვენახის ნასხლავით (წალმით).
,,ზამთრის პერიოდში იყალთოს საბავშვო ბაღის მხოლოდ 40%-ი თბებოდა. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით მოხდება საბავშვო ბაღის 100%-ის გათბობა, ხოლო გათბობის ხარჯი შემცირდება 60%-ით.
ვენახის ნასხლავით საბავშვო ბაღების გათბობა ხელს შეუწყობს წელიწადში 496,000 კილოვატამდე ენერგიის დაზოგვას და 170 ტონაზე მეტი CO2-ს გაფრქვევის შემცირებას”,– განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
პროექტი „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგიის გადაწყვეტილებები“ დაფინანსდა ევროკავშირის “მერების შეთანხმების“ სადემონსტრაციო პროექტების ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით.
ავტორი: თორნიკე ხალხელაური